რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკმა, წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის ბოლო, მე-7 ეტაპს უმასპინძლა. რბოლების ორგანიზატორთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სეზონის დახურვას, არნახულად ბევრი მაყურებელი დაესწრო (ამაზე მეტი მაყურებელი მხოლოდ ტრეკის გახსნას ჰყავდა). მთლიანად გაივსო ძირითადი ტრიბუნა და მეორე ტრიბუნიდანაც რბოლებს უამრავი მაყურებელი ადევნებდა თვალს. და რბოლების მონაწილეებმაც მათ შესანიშნავი სანახაობა მოუწყვეს.

როგორც დაგეგმილი იყო, ორ კლასს – „ბეემვე“ კომპაქტს და ტურინგ ლაითს საერთო რბოლა ჰქონდათ. ამით სანახაობრივი მხარე გაუმჯობესდა. სხვა თუ არაფერი, სასტარტო რიგში 22 ავტომობილი დადგა. მონაწილეთა რაოდენობა არც ფორმულა ალფას და ლეჯენდსის კლასებს დააკლდა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ტექნიკის გაუმართაობის გამო, ფორმულას კლასის რბოლას სამი ძლიერი მონაწილე – მევლუდ მელაძე (რომელმაც ვადამდე გაინაღდა ჩემპიონის წოდება), დავით რამიშვილი და თორნიკე კიკნაველიძე გამოაკლდა. სამივე შემთხვევაში, ამის მიზეზი ძრავი გახდა. სხვათა შორის, ბოლო დროს ფორმულებზე ძრავების მწყობრიდან გამოსვლა, ძირითად პრობლემად იქცა.

DSCN0052

მეორე დღის პროგრამა, ტურინგის ორი კლასის რბოლამ გახსნა. სტარტზე დიმიტრი ქობულია დაწინაურდა, რომელმაც უკან მოიტოვა ვანო მძელური. მალე მისი გასწრება სანდრო ლომაძემ სცადა და პაექრობაში გართულებს, ორივეს ირაკლი კუხიანიძემ გაასწრო. ლომაძემ პირველი S-იდან გამოსვლისას კუხიანიძესაც გაასწრო, რომელიც მალე მძელურმაც ჩამოიტოვა.

მეორე წრის პირველ მოსახვევში შესვლისას, რეზო ბიწაზე დავით მენთეშაშვილს დაეჯახა, რომელსაც ერთ-ერთ „ბეემვესთანაც“ ჰქონდა კონტაქტი. ამან მისი „ჰონდა“ ისე დააზიანა, რომ მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრის გავლაღა შეძლო და იძულებული გახდა, პირველ S-მდე გაჩერებულიყო. ბიწაძემ კი რბოლა განაგრძო. თუმცა მცირე ხნით – ჰურმოგლუსთან მოუვიდა შეჯახება და იმავე პიველი S-ის გამოსასვლელში გაჩერდა. ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა.

რესტარტზე ლომაძემ ქობულიას შეუტია და გაასწრო კიდც, თუმცა ეს მეტისმეტად გვიან დამუხრუჭებით შეძლო, რამაც ცუდი სამსახური გაუწია – ლომაძის „ბეემვე“ მოსახვევში ვერ „ჩაეტია“ და დამცავი ზოლის ხრეშში გაჩერდა. სამწუხაროდ, ლომაძემ რბოლის გაგრძელება ვერ შეძლო. ქობულიამ კი, მართალია, მძელურისგან რამდენიმე შეტევის მოგერიება მოუხდა, მაგრამ მოწინავე პოზიცია შეინარჩუნა და ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა.

DSCN0055

BMW კომპაქტის კლასში ჩემპიონი მძელური გახდა, ვინც წრიულ რბოლებში პირველი სრული სეზონი ჩაატარა და 14-დან სამი რბოლა მოიგო, ხუთჯერ კი მეორე ადგილი დაიკავა. მას 23 ქულით ჩამორჩა კუხიანიძე, მესამე ადგილი კი ქობულიამ დაიკავა. ტურინგ ლაითში, ბოლო ეტაპი ჩემპიონის რანგში ჩაატარა მენთეშაშვილმა, ვისზეც 12 რბოლიდან, ცხრა გამარჯვებაა.

მეორე რბოლა ფორმულა „ალფას“ კლასში გაიმართა. სამწუხაროდ, სტარტზე სამმა პილოტმა ვერ შეძლო გამოსვლა და სამივე შემთხვევაში, ამის მიზეზი ძრავი გახდა. მელაძის მექანიკოსებმა შეძლეს ბოლო მომენტში მანქანის აწყობა, მაგრამ ის სარბოლო კონდიციაში არ იმყოფებოდა და მევლუდმაც რბოლაში მონაწილეობა ვერ მოახერხა. იგივე სიტუაცია ჰქონდა დავით რამიშვილს. მას თავისი სარბოლო ავტომობილი ჰურმოგლუმ დაუთმო, თუმცა ვარჯიშებზე გამოვლინდა, რომ მანქანა სარბოლო მდგომარეობაში არ იყო და რამიშვილმაც სტარტზე გამოსვლისგან თავი შეიკავა. სხვათა შორის, ბოლო ორ კვირაში, მას და თორნიკე კიკნაველიძეს რამდენიმე ძრავმა უმტყუნა. ეს სამეული კი ყოველთვის საუკეთესო ადგილებისთვის იბრძვის ხოლმე…

12034481_766206493508363_2630921365106234055_o

სტარტზე შაკო ციხელაშვილი დაწინაურდა, რომელსაც კვალში დათა ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე ჩაუდგნენ. მათ ოდნავ ჩამორჩა ირაკლი ჩხეიძის, დავით ბაგრატიონისა და რომან ლებედევის სამეული. მალე რუსმა მეოთხეზე გადაინაცვლა. შუა რბოლაში, ქაჯაიამ ლიდრს მეორე S-ში შეუტია და თითქოს უნდა გაესწრო, მაგრამ ციხელაშვილმა შეძლო პოზიციის შენარჩუნება. ორივეს კი თავართქილაძე წამოეწია.

მომდევნო წრის პირველ მოსახვევში, ციხელაშვილმა მცირე შეცდომა დაუშვა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ევროპის ETCC-ს ჩემპიონი დაწინაურებულიყო. უფრო მეტიც, ყოფილ ლიდერს მისმა თანაგუნდელმაც (თავართქილაძემ) გაასწრო და ლებედევიც წამოეწია. თუმცა შაკომ ორ წრეში შეძლო მეორეზე გადასვლა. სამწუხაროდ, ქაჯაიას ფინიშამდე ძრავის ელექტრონიკა დაუზიანდა, რის გამოც, ხიდის სწორის ბოლოს გაჩერდა. ციხელაშვილმა კვლავ ხელთ იგდო ლიდერობა და ბოლომდე წინ აღარავინ გაუშვია.

როგორც ყოველთვის, ყველაზე საინტერესო რბოლა ლეჯენდსში ჩატარდა. სწორედ ამიტომ მოიტოვეს ის ორგანიზატორებმა სეზონის ბოლო რბოლად. და არც შემცდარან. პირველობისთვის ისევ რამდენიმე პილოტმა იბრძოლა და ლიდერიც რამდენჯერმე შეიცვალა. იყო შეჯახებებიც, რის გამოც, ერთხელ რბოლა შეჩერდა კიდეც. ბედად, ტრავმა არავის მიუღია. ერთ-ერთ ასეთ ინციდენტში ის პილოტები მონაწილეობდნენ, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ, მეორეს მონწილემ კი საბოლოოდ გამარჯვებასაც კი მიაღწია!

სტარტზე არჯევანიძე დაწინაურდა, რომელსაც არჩილ ბიძინაშვილი, დავით აფციაური, გიორგი ბეჟიტაშვილი და შოთა აფხაზავა მიჰყვნენ. ერთი წრის შემდგმ ბეჟიტაშვილმა ჯერ ბიძინაშვილს გაასწრო, შემდგ კი არჯევანიძესაც და ლიდერი გახდა. მაგრამ მოწინავეობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა, რაც მეორე წრის 180-გრადუსიან მოსახვევში მომხდარმა ავარიამ და ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლამ განაპირობა. რადგან მეორე წრე დასრულებული არ იყო, პეისკარის უკან პილოტები იმ მიმდევრობით განლაგდნენ, რომლითაც პირველი წრე დაასრულეს.

11935147_766206610175018_518193453690308979_o

ავარია კი ცხადაძის და აფციაურის ბრძოლას მოჰყვა. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა – ცხადაძეს გვერდ ვერ აუარა უშანგი ნანავამ და დაეჯახა, მას კი უკნიდან კოლიაშვილიც დაეჯახა. ბედად, აფციაურმა დროულად დააღწია თავი „ხაფანგს“ და რბოლა დაზიანებული მანქანით გააგრძელა. პეისკარის უკან ისევ არჯევანიძე დადგა, რომელსაც უკან ბიძინაშვილი, ბეჟიტაშვილი და კაკაბაძე მიჰყვნენ.

რესტარტზე არჯევანიძემ ლიდერობა ადვილად შეინარჩუნა. კაკაბაძემ კი ბიძინაშვილს შეუტია, თუმცა ამაოდ. ერთი წრის შემდეგ კი, პირველ მოსახვევში მანევრი შეინარჩუნა, რაც კონტაქტით დასრულდა. კაკაბაძემ შეძლო დამცავი ზოლის მოასფალტებულ მონაკვეთზე გასვლა და დროზე დაუბრუნდა ტრასას, ბიძნაშვილს კი ხრეშის ბარიერის გადალახვა დასჭირდა, რამაც ის ძლიერ შეაყოვნა. თუმცა მთავარი ისაა, რომ რბოლას არც ის გამოეთიშა. ამ ორომტრიალით, კარგად ისარგებლა აფციაურმა და დაწინაურდა. მეორე და მესამე ადგილებზე კი აფხაზავამ და არტემ კაბაკოვმა გადაინაცვლეს.

რბოლის მიწურულს, ჯერ აფხაზავამ გაასწრო აფციაურს, შემდეგ კი კაბაკოვმაც, რომელმაც მალე აფხაზავაც ჩამოიტოვა და ლიდერი გახდა. თუმცა ცოტა ხნით. ხიდს სწორზე, მას აფხაზავამ და აფციაურმა თითქმის ერთდროულად გაუარეს და მალე რუსი არჯევანიძემაც ჩამოიტოვა. ბოლო წრის დასაწყისში, აფციაურმა აფხაზავას გაასწრო, თუმცა ორ მოსხვევში ისევ აფხაზავა დაწინაურდა, რომელმაც აფციაურს ფინიშის ხაზთან სულ რაღაც, 0.244 წამით მიასწრო. მაგრამ დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გაირკვა, რომ ყვითელ შუქზე აფხაზავამ გასწრების მანევრი შეასრულა, რისთვისაც მისი შედეგი საჯარიმო დროით „დაიტვირთა“ და გამარჯვება აფციაურს დარჩა.

12186821_766207943508218_4809990782333638039_o

კაკაბაძემ და ბიძინაშვილმ კი მე-4-5 ადგილები დაიკავეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ბიძინაშვილი ჩემპიონი გამხდარიყო. საბოლოოდ, მან 11 ქულით აჯობა მეტქეს. მესამე ადგილს კი ლეჯენდსში საქართველოს პირველი ჩემპიონი, ბეჟიტაშვილი დასჯერდა.