ხისგან ავტომობილები ადრეც დაუმზადებიათ. ბრიტანული კომპანია „მორგანი“ თავისი მოდელებისთვის ახლაც იყენებს ხისგან დამზადებულ შასის. მთლიანად ხისგან ავტომობილები ენთუზიასტებს ჩინეთში და ინდოეთშიც გაუკეთებიათ. ამ ფოტოებზე გამოსახული ავტომობილი კი კანადელმა ბიზნესმენმა ბრაიან რიდმა ერთი ხისგან დაამზადა.

ავტორმა თავის უცნაურ ავტომობილს „სიდერ როკეტი“ უწოდა. გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ, ამ ქმნილებას „უსწრაფესი მოტორიზებული მორის“ ტიტული მიანიჭა. უსწრაფესი კარგად ჟღერს, მაგრამ დიდი ალბათობით, მსოფლიოში მხოლოდ ერთი „მოტორიზებული მორი“ არსებობს და მისი ავტორი სწორედ რიდია.

Cedar Rocket 2

რიდმა თავისი ავტომობილი საზოგადოებას პირველად ოქტომბერში გააცნო. ოღონდ, მაშინ სიჩქარის რეკორდზე არც უფიქრია. „სიდერ როკეტს“ ის იმისთვის ამზადებდა, რომ საქველმოქმედო აუქციონზე გაეყიდა. მიღებული შემოსავალი იმ ფონდებს გაუნაწილდბა, რომლებიც ომის ვეტერანებს ეხმარებიან. რიდ აუქციონზე თავისი ქმნილების გატანას კვლავაც აპირებს, ოღონდ სანამ ეს მოხდება, მისით განავარდებაც მოინდომა. და სიჩქარის რეკორდიც ამ დროს გამოაცხო. რა თქმა უნდა, ეს მოტორიზებული მორის ფასს ასწევს.

რიდმა თავისი ავტომობილის ბაზისად, Mazda RX-8-ს სტრუქტურა გამოიყენა. მაგრამ „სიდერ როკეტს“ მამოძრავებელი ძალით არა შიდაწვის ძრავი, არამედ ორი 20-ცხენისძალიანი ელექტრული ტურბინა უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ავტომობილი კიდევ ერთი, 35-ცხენისალიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც წამყვან ბორბლებს პირდაპირ უკავშირდება. ავტომობილი დაახლოებით 1000 კილოგრამს იწონის. წონის თითქმის მეოთხედი კი ელემენტების ბლოკზე მოდის.

Cedar Rocket 1

რეკორდული გარბენის დროს, რომელიც შტატ არიზონაში ჩატარდა, „სიდერ როკეტის“ სიჩქარემ 90 კმ/სთ-ს მიაღწია. რიდი ამბობს, რომ მის მოტორიან მორს 225 კმ/სთ-ს აკრეფა შეუძლია, მაგრამ ავტოდრომის მოკლე სწორ მონაკვეთზე მეტი არ მოხერხდა. მაქსიმუმის მისაღწევად კი „სიდერ როკეტს“ მინიმუმ მეოთხედი მილი, ანუ 402 მეტრი სჭირდება.

კანადურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „სიდერ როკეტს“ ახლა ამერიკის კონტინენტზე ვოიაჟი მოუწევს, რის შემდეგაც, მომავალ წელს, ბარეტ-ჯეკსონის აუქციონზე გაიყიდება. რიდი იმედოვნებს, რომ მისი უცნაური ქმნილება 1.0 მილიონ დოლარად გაიყიდება.