Porsche თავისი სამოდელო გამის ჰიბრიდიზაციის პროცესს აგრძელებს. გერმანულმა კომპანიამ პირველ რიგში, სედან Panamera-ს ჰიბრიდული ვერსია Turbo S E-Hybrid-ი გამოუშვა. ახლა კი, ავსტრალიურ გამოცემა „მოტორინგის“ ინფორმაციით, იმავე ძალურ დანადგარს თავის უგზოობის მოდელ Cayenne-ის ახალ თაობაზე გამოიყენებს, რომელიც ბაზარზე მომავალ წელს გამოვა.

ჰიბრიდული აგრეგატის მთავარი ნაწილია Turbo S-ის 4.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავი, რომელიც 550 ცხენის ძალას ავითარებს. მასთან ერთად მუშაობს ელექტრო ძრავი. ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე 671 ცხენის ძალას აღწევს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი – 850 ნიუტონმეტრს აღწევს.

ასეტი აგრეგატით, Panamera-ს ადგილიდან ასის აკრეფა 3.2 წამში შეუძლია. რა თქმა უნდა, Cayenne-ს ამავე სიჩქარის გასავითარებლად მეტი დრო დასჭირდება. თუმცა, ეს დრო ნაკლები იქნება 3.8 წამზე, რაც იმავე მანევრისთვის Cayenne Turbo S-ს სჭირდება. ასეთი მონაცემებით, უგზოობის ეს მოდელი კონკურენციას გაუწევს Bentley Bentayga-ს, Lamborghini Urus-ს და Audi Q8-ს. სხვათა შორის, ოტხივე მოდლი Volkswagen-ის ჯგუფში შემავალი კომპანიებისაა.

ჯერჯერობით უცნობია, ცუფენჰაუზენელები ჰიბრიდულ აგრეგატს თავიანთ სხვა მოდელებზეც გამოიყენებენ, თუ – არა. პირველ რიგში, ეს კითხვა Macan-ს და შემდეგი თაობის 911-ს ეხება. როგორც კომპანიის შეფი ოლივერ ბლუმი ამბობს, ახალი 911-ის კონსტრუქციაში გათვალისწინებული იქნება მასზე ჰიბრიდული აგრეგატის გამოყენების შესაძლებლობა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ვერსიის წარმოება გადაწყვეტილია.