სებასტან ფეტელის თქმით, „ფერარის“ გარკვეული დრო დასჭირდება იმისათვის, რომ „მერსედესთან“ რეალური კონკურენცია შეძლოს. ახალი სეზონის წარმატებით დაწყების შემდეგ, მარანალოელებისადმი მეტი მოლოდინი გაჩნდა. არადა, სეზონის დაწყებამდე, მათი შეფი მაურიციო არივაბენე მაქსიმუმ ორ გამარჯვებაზე ლაპარაკობდა.

განვლილ ოთხ რბოლაში, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა კვარცხლბეკზე ასვლა სამჯერ შეძლო. ერთხელაც ეს მისმა თანაგუნდელმა კიმი რაიკონენმა გააკეთა. ამასთან, ფეტელმა ამ სამიდან ერთხელ კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა, ორჯერ კი მესამეზე გავიდა. რაიკონენის ანგარიშზე კი ერთი მეორე ადგილია. არადა, გასულ სეზონში წითლები უმწეოდ გამოიყურებოდნენ.

Petronas-Sponsor

ასეთი მკვეთრი პროგრესის მიუხედავად, ფეტელი ამბობს, რომ „მერსედესისთვის“ რეალური კონკურენციისთვის „ფერარის“ უფრო მეტი დრო დასჭირდება. „მაგრამ ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ „მერსედესის“ შეწუხებას. და თუ შანსი მოგვეცემა, იქვე ვიქნებით, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სხვებმა ვერ გაგვასწრონ. „მერსედესს“ კვლავ საუკეთესო აღჭურვილობა აქვს და ასეთ ჩამორჩენას სწრაფად ვერ ამოქაჩავ“, – გაზეთ „ველტ ამ ზონტაგთან“ საუბრისას განაცხადა ფეტელმა.

ესპანეთის დიდ პრიზზე, იტალიური გუნდი ახალი აეროდინამიკური ელემენტების გამოყენებას გეგმავს.