გერმანულმა კომპანია „ქარპლანმა“ უცნაური მანქანა შეიმუშავა, რომელიც ერთდროულად ავტომობილიცაა და თვითმფრინავიც. ასეთი ავტომობილები პირველებმა სლოვაკურმა „აერომობაილმა“ და ამერიკულმა „ტერაფუჯამ“ და „მოლერმა“ დაამზადეს, თუმცა გერმანული მანქან ორიგინლური კონსტრუქციით გამოირჩევა. კერძოდ, მას გაყოფილი კაბინა (ფიუზელაჟი) აქვს.

როგორც „ქარპლანი“ განმარტავს, გაყოფილი კაბინა ასეთი სატრანსპორტო საშუალებისთვის მოსახერხებელია, რადგან შუაში შესაძლებელია დაკეცილი ფრთების შენახვა, როცა ავტომობილი ჩვეულებრივ გზებზე მოძრაობს. ამგვარად, ის გზაზე ზედმეტ ადგილს არ იკავებს. თანაც, მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას, არ წარმოიქმნება ამწევი აეროდინამიკური ძალა, რაც ავტომობილის მართვას გაართულებდა.

Carplane5

მფრინავი ავტომობილი 15-დუიმიან ბორბლებზე დააყენეს, რომლებიც მისმა შემქმნელებმა Smart-ისგან აიღეს. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ გაყოფილი ფიუზელაჟის წყალობით, მათ ასევე მიაღწიეს საფრენი აეროდინამიკის გაუმჯობესებას, რადგან ამ დროს, ბორბლები შემხვედრ ჰაერს ნაკლებ წინააღმდეგობას უწევს.

მფრინავი ავტომობილი აღჭურვილია ორცილინდრიანი 0.850-ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომლის სიმძლავრეც 151 ცხენის ძალას აღწევს. ის არაეთილირებულ ბენზინს მოიხმარს. ძრავთან წყვილში 7-საფეხურიანი ტრანსმისია მუშაობს, მაგრამ აქედან პირველი ხუთი გზაზე მოძრაობისთვისაა. მათგან 4 წინ მოძრაობისთვისაა, ერთი კი უკუსვლისთვის. მეექვსე საფეხური ფრენისთვისაა, მეშვიდეს ჩართვისას კი მოძრაობაში მოდის არამხოლოდ ხრახნი, არამედ ბორბლებიც. ამ საფეხურს ავტომობილი მხოლოდ აფრენისას გამოიყენებს, რათა მცირე გარბენი იმყოფინოს. ასაფრენი გარბენისთვის მას 80 მეტრი ჰყოფნის.

„ქარპლანის“ მფრინავი ავტომობილის ფრენის სიშორე 833 კილომეტრს აღწევს, ფრენის ჭერი 4570 მეტრია. ფრენის კრეისერული სიჩქარე საათში 200 კილომეტრია, გზაზე მოძრაობისას კი 176 კმ/სთ. გერმანულ კომპანიას ფრთების სიგრძის და ფართობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მანქანას ფრთები ხელით ეხსნება, თუმცა ინჟინრები ავტომატურ ვარიანტზეც მუშაობენ. პირველ შემთხვევაში, მანქანის წონა 750 კილოგრამია, მეორე შემთხვევაში კი – 795 კილოგრამი.

Carplane1

სატესტოდ მფრინავი ავტომობილი მზად ივლისში იქნება. ტესტებთან ერთად, დაიწყება მუშაობა იმისათვის, რათა კომპანიამ მასზე სერტიფიკატი მიიღოს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება წარმოების დაწყება. თუმცა, ამას ინვესტორის მოზიდვა დასჭირდება.