სინთეტური საწვავი ის გამოსავალია, რომელიც შიდაწვის ძრავებს სამუდამოდ დატოვებს ავტო ინდუსტრიაში და Bosch-ი დიდი ხანია, ამ მიმართულებით მუშაობს და სოლიდურ წინსვლასაც მიაღწია. ავტომობილების ნაწილების და სისტემების მწარმოებელმა კომპანიამ ისეთი სინთეტური საწვავის საწარმოო პროცესი შეიმუშავა, რომელიც კარბონ-ნეიტრალურია.

როგორც Bosch-ი ირწმუნება, მის მიერ შემუშავებული პროცესის ფართოდ დანერგვის შემთხვევაში, 2050 წლისთვის ევროპაში ატმოსფეროს ნახშირორჟანგით დაბინძურების 2.8 გიგატონით შემცირება იქნება შესაძლებელი და ეს იმ შემთხვევაშიც, თუ ძველ კონტინენტზე შიდაწვისძრავიანი ავტომობილების რიცხვი ახლანდელ დონეზე დარჩება.

Bosch-ის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია, ატმოსფეროში არსებული სათბურის ეფექტის მქონე აირებისგან ნავთობის მსგავსი ნედლეულის მიღებაა შესაძლებელი, რომლისგანაც შემდგომში ბენზინს, დიზელს და ბუნებრივ აირსაც მიიღებენ. კომპანია არ აკონკრეტებს, თუ რამდენად ენერგო ეფექტურია ეს პროცესი.

„აქამდე კარბონ-ნეიტრალური შიდაწვის ძრავი მხოლოდ ოცნების სფეროს მიეკუთვნებოდა. ახლა კი ეს შეიძლება რეალობად იქცეს. ამის საიდუმლო სინთეტურ, იგივე კარბონ-ნეიტრალურ საწვავშია, რომლის წარმოების პროცესი, ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგის გამოყენებას ითვალისწინებს. სინთეტური საწვავის წყალობით, ბენზინისა და დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილები კარბონ-ნეიტრალური გახდება და ამგვარად, შესაძლებელი იქნება გლობალური დათბობის ეფექტის შეზღუდვა“, – ამბობს Bosch-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე, დოქტორ ფოლკმარ დენერი.