სატუნინგო კომპანიები, პროფილის მიხედვით სამ ძირითად ჯგუფად იყოფიან. ერთში ისინი მოიაზრებიან, რომლებიც სტანდარტული ავტომობილის მხოლოდ გარეგნული მოდიფიკაციებით შემოიფარგლებიან. მეორე ჯგუფის მიმართულება, ძალური დანადგარების და შასის სრულყოფა-გაძლიერებაა. მესამე ჯგუფი კი ორივე სამუშაოს ასრულებს – მათი ინჟინრები მუშაობენ როგორც ძრავებზე, ასევე ახალ აეროდინამიკურ ელემენტებზეც.

სწორედ მესამე ჯგუფს მიეკუთვნება ამერიკული კომპანია Speciality Vehicle Engineering (SVE), რომელმაც „შევროლე კამარო SS-ის“ ბაზაზე, მისი ვერსია Yenko Camaro შეიმუშავა. ავტომობილს საფუძვლიანი მოდფიკაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც, მას ნბისმიერ სუპერ ავტომობილთან გამკლავება შეუძლია.

უპირველეს ყოვლისა, ამის უნარს მას 6.2-ლიტრიანი V8 ძრავი აძლევს, რომელიც სტანდარტული შესრულებით, ატმოსფერულია, თუმცა SVE-ს ინჟინრებმა ის მექანიკური კომპრესორით აღჭურვეს. გარდა ამისა, დამუშავდა დგუშები, ცილინდრების თავი წვის კამერები, გამანაწილებელი და შეფრქვევის სისტემები. საბოლოოდ, ძრავის სიმძლავრე 455-დან 800 ცხენის ძალამდე გაიზარდა, მაბრუნმა მომენტმა კი 1 020 ნიუტონმეტრს მიაღწია. ამგვარად, ავტომობილი Dodge-ს Challenger SRT Hellcat-ზე 93 ცხენის ძალით ძლიერი გახდა.

Yenko Camaro-ს დინამიკური მახასიათებლები უცნობია, მაგრამ როგორც YouTube-ს მომხმარებელი, სახელად Subaruwrxfan ამბობს, მას მიეცა 800-ცხენისძალიანი „კამაროს“ მართვის საშუალება (ვიდეოზე სწორედ მისი კადრებია) და მისი სიჩქარით აღფრთოვანებული დარჩა. როგორც ის ამბობს, თუ აქსელერატორს ოდნავ მკვეთრად დააწვებით, „ბორბლები ისე იწყებს ტრიალს, თითქოს ხვალინდელი დღე არ გათენდება“…