ამერიკული კომპანია „ქელავეი“ ტუნინგის სფეროში მუშაობით არის განთქმული და კლიენტს ძირითადად, „შევროლე კორვეტის“ მისეულ, უფრო ექსტრემალურ ვერსიებს სთავაზობს. ამასთან, კომპანიას აქვს ევროპული შტო, სახელად „ქელავეი კომპეტიშნ“, რომელიც გერმანიის ლაინგარტენშია ბაზირებული და იმავე „კორვეტის“ სარბოლო და სატრეკო ვერსიებს აწარმოებს. სწორედ მისი შემოქმედებაა სარბოლო „კორვეტ C7 GT3-R“, რომელიც თავისი აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა.

New-Corvette-C7-GT3-R-1

ცნობისათვის, „ქელავეი კომპეტიშნი“ 1985 წლიდან აწარმოებს სარბოლო ავტომობილებს, 1990-იანი წლებიდან კი ამერიკული კომპანიის ევროპული შტო გახდა და სარბოლო ავტომობილების წარმოების გარდა, „ქელავეის“ ავტომობილების დისტრიბუციასაც ეწევა. მისი ყველაზე გამორჩეული მოდელებია „ქელავეი LM პროჯექტი“ (1994 წელი), „ქელავეი C7R“ (1996) და „ქელავეი C12R“ (2001). მესამე სპეციალურად GT3 სერიის რბოლებისთვის არის შექმნილი.

„კორვეტ C7 GT3-R-ის“ მოსამზადებლად, „ქელავეი კომპეტიშნს“ ორი წელი დასჭირდა. ის „კორვეტ რეისინგის“ სარბოლო მონსტრ C7.R-ზე ეფექტურად გამოიყურება. ავტომობილის დიზაინი კანადელმა პოლ დოიჩმანმა შეიმუშავა, რომელსაც „ქელავეი კომპეტიშნის“ ჯოვანი ჩიკონე და ერნსტ ვიორი უწევდნენ პარტნიორობას. მათი მიზან იყო ისეთი სტილის შემუშავება, რომელიც წლებს გაუძლებდა არამხოლოდ გარეგნულად, არამედ აეროდინამიკური ეფექტურობითაც.

New-Corvette-C7-GT3-R-2

ავტომობილი მეტწილად კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადდა. ის აღჭურვილია „ჯენერალ მოტორსის“ 6.2-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 600 ცხენის ძალამდე გააძლიერეს. ძრავთან წყვილში „X-ტრეკის“ 6-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფი მუშაობს, რომლის საფეხურების შეცვლაც საჭის რგოლთან მოთავსებული ბერკეტებით ხდება. მამოძრავებელი ძალა უკანა ბორბლებს გადაეცემა.

„ქელავეი კომპეტიშნმა“ ახალ სარბოლო ავტომობილზე შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო. რა თქმა უნდა, მისი კლიენტები სარბოლო საჯინიბოები იქნებიან და ამიტომ, სარბოლო ავტომობილის ფასი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა. კლიენტთა შორის ყველაზე გამორჩეული, საკუთრივ „ქელავეი კომპეტიშნის“ გუნდია.

New-Corvette-C7-GT3-R-3