14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Cadillac-მა სარბოლო პროტოტიპი უკანასკნელად გამოიყვანა საასპარეზოდ. ეს ამერიკის სპორტული ავტომობილების უმაღლეს კლასში მოხდა. ახლახანს კი General Motors-ის პრემიუმ ბრენდმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რბოლებს უბრუნდება. თანაც ისევ პროტოტიპების კლასში!

სარბოლო ავტომობილის სახელად რატომღაც მხოლოდ აბრევიატურა DPi-V.R გაიმეტეს. ის დეიტონას პროტოტიპების საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება და რბოლებში მომავალი სეზონიდანვე ჩაერთვება. ის IMSA-ს სპორტული ავტომობილების ჩემპიონატში (ლე მანის ამერიკული ანალოგია) გამოვა.

Cadillac DPi-V.R-ის ბაზისად Dallara-ს წარმოების LMP2 კლასის შასია გამოყენებული. ოღონდ, ძარა და მისი აეროდინამიკა ამერიკულმა კომპანიამ შეიმუშავა. მისივე წარმოებისაა 6.2-ლიტრიანი ატმოსფერული V8, რომელიც იმავე ბლოკზეა აგებული, რომელსაც კომპანია სერიულ Escalade-სა და CTS-V-ზე იყენებს.

„შეუძლებელია იმ განწყობის გადმოცემა, რომელიც IMSA-ში სუფევს მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული პრემიუმ ბრენდი Cadillac-ი პროტოტიპების კლასის რბოლებს უბრუნდება. სწორედ ამ შედეგს ველოდით, როცა დეიტონას პროტოტიპების საერთაშრისო კონცეპცია შევიმუშავეთ“, – ამბობს IMSA-ს სერიის პრეზიდენტი სკოტ ათერტონი.

მალე Cadillac DPi-V.R-ი დეიტონას სატესტო პროგრამას შეუერთდება, მომავალი წლის დასაწყისში კი მისი სამი ეკიპაჟი, დეიტონას Rolex-ის 24-საათიან რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. ისინი მეტოქეობას Mazda-ს და Nissan-ის სარბოლო ავტომობილებს გაუწევენ, რომლებიც ასევე Dpi-ს რეგლამენტის შესაბამისად არის მომზადებული. მათ გარდა, რბოლაში ჩაერთვებიან LMP2 კლასის ძველი ფავორიტები: ფრანგული Ligier და Oreca, იტალიური Dallara და ამერიკული Riley/Multimatic-ი. მათი უმეტესობა, Gibson-ის V8 ატმოსფერული ძრავებით არის აღჭურვილი.

ცნობისათვის, 2000-2002 წლებში, ამერიკული ლე მანის სერიის და საკუთრივ ლე მანის რბოლებში, Cadillac-ის სარბოლო პროტოტიპი Northstar LMP მონაწილეობდა. თუმცა მას წარმატებები თითქმის არ ჰქონია.