ბუგატიმ თავის სუპერ ავტომობილ „ვეირონის“ წარმოება 2006 წელს დაიწყო და ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე, ბოლო, 450-ე ეგზემპლარი წარადგინა. სულ ამ სახელით 300 ცალი კუპე და 150 ცალი როდსტერი დამზადდა. და აი, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის მარგალიტის პირველი „ვეირონი“ აუქციონზე გასაყიდად გამოდის.

სააუქციონო სახლ „RM სოთბი’სის“ ინფომაციით, ავტომობილის აუქციონზე გატანა მონტერეიში (შტატი კალიფორნია), 13 აგვისტოს იგეგმება. მოსალოდნელია, რომ ის 1.8-2.4 მილიონ დოლარად გაიყიდება. თუმცა არაა გამორიცხული, რომ მასში გაცილებით მეტიც გადაიხადონ, რადგან მისი მფლობელი, საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწილს წაიღებს სახლში.

ამაზე ბევრჯერ ითქვა, მაგრამ გახსენება არ გვაწყენს – პირველი „ვეირონი“ აღჭურვილია 8.0-ლიტრიანი W16 ძრავით, რომელიც ოთხი ტურბო კომპრესორის დახმარებით, 1101 ცხენის ძალას ავითარებს. ამ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე, საათში 378 კილომეტრია. საინტერესოა, რომ მაღალი სიჩქარით ტესტების დროს, ავტომობილის რადიატორის ალუმინის ცხაურს პატარა ჩიტი დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ რადიატორის უკან არსებული რამდენიმე კომპონენტი დაზიანდა. ამის გამო, ინჟინრებმა ალუმინი ტიტანით შეცვალეს, რაც მცირე დარტყმებს უფრო იტანს.

პირველი „ვეირონი“, შასის ნომრით 001, წითელ და შავ ფერებში შეხამებული დამზადდა. ინტერიერი სპილოს ძვლის ფერშია გაწყობილი. სავარძლები რა თქმა უნდა, სპორტულია, კომფორტის მაღალი დონით. მას მხოლოდ 1300 კილომეტრამდე აქვს გავლილი. ასე რომ, პრაქტიკულად ახალია. აუქციონზე გატანის წინ, ავტომობილს სრული მომსახურება ჩაუტარა „ბუგატის“ ავტორიზებულმა დილერმა ბევერლი ჰილზში, სადაც მას ახალი საბურავები დაუყენეს.