თანამედროვე Bugatti რბოლებში არ მონაწილეობს. მაგრამ იყო დრო, როცა სწორედ რბოლებმა გაუთქვა სახელი. ომამდელ ევროპაში, დიდი პრიზების არენაზე ერთ-ერთი დომინანტი ძალაც იყო და უთანასწორო ბრძოლები ჰქონდა გერმანულ ვერცხლისფერ ისრებთან – Auto Union-თან და Mercedes-Benz-თან, რომლებსაც სახელმწიფო ფინანსურად ეხმარებოდა.

ფრანგული კომპანიის ავტომობილებს შორის, ყველაზე გამორჩეული სარბოლო ავტომობილი, Bugatti Type 35 იყო. 1920-იან წლებში, ამ მოდელს 1 000 რბოლაზე მეტი აქვს მოგებული. იყო პერიოდი, როცა კვირაში საშუალოდ 14 რბოლას იგებდა! მაგრამ 1930-იან წლებში მეტოქეებმა მისი დაჩაგვრა დაიწყეს. ამიტომ „ბუგატიმ“ ახალი სარბოლო ავტომობილის დამზადება გადაწყვიტა.

24055281-1-8

შემცვლელი სწორედ Type 51 გახდა, რომელიც წინამორბედს გარეგნულად ძლიერ ჰგავდა, თუმცა გერმანულ და იტალიურ (Alfa Romeo) კომპანიებთან, რომლებსაც სახელმწიფოების მხარდაჭერა ჰქონდათ, მეტოქეობა მაინც უჭირდა. მაგრამ ისეთი პილოტების ხელში, როგორიც შეუდარებელი იტალიელი ტაციო ნუვოლარი იყო, ეს ავტომობილიც იშვიათად, მაგრამ მაინც ახერხებდა გამარჯვებებს.

Bugatti-მ სულ 40 ცალი ასეთი ავტომობილი გამოუშვა, რომელთაგან პირველი ბრიტანეთის მრბოლთა კლუბის პირველმა პრეზიდენტმა, ლორდმა ფრანსის კურსონმა შეიძინა. ეს ადამიანი „ბუგატის“ გამორჩეული კლიენტი იყო და ამიტომაც ერგო ასეთი პატივი. ამ ავტომობილმა ევროპის ცნობილი (ბრუკლენდსი, დონინგტონი, ნურბურგრინგი, მონცა, რეიმსი) ტრეკების არაერთ რბოლაში მიიღო მონაწილეობა, მონტე კარლოს დიდ პრიზზე კი ოთხჯერ გამოვიდა.

24055281-1-36

ნუვოლარი მის (შასის ნომერი 51121) საჭესთან ბრუკლენდსის რბოლის დროს იჯდა. ეს გარემოება ავტომობილს, რომელიც ისედაც კოლექციონერთა საოცნებო ექსპონტია, განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. თანაც, ბოლო 50 წლის განმავლობაში, მას მხოლოდ ორი პატრონი გამოუცვლია. და მალე კიდევ ერთს გამოიცვლის – 19 აგვისტოს, მონტერეის საავტომობილო კვირეულზე, საავტომობილო სამყაროს ამ იშვიათ ექსპონატს, სააუქციონო სახლი Bonhams-ი გამოიტანს…