Bugatti Chiron აღარაა სიახლე, მაგრამ ფრანკფურტში ის ახალი მიღწევით ჩავიდა. დიდ საავტომობილო ფორუმზე წარდგენამდე, მან სერიულ ავტომობილებს შორის მსოფლიო რეკორდი, 0-დან 400 კმ/სთ-მდე აჩქარებასა და გაჩერებაში დაამყარა. ავტომობილმა, რომელსაც ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი და ინდი 500-ის ორგზის გამარჯვებული კოლუმბიელი ხუან პაბლო მონტოია მართავდა, ასეთი ექსტრემალური მანევრი 41.96 წამში შეასრულა.

თავად მონტოიამ საკუთარი მიღწევებიდან კიდევ ერთი გააუმჯობესა – ადრე თუ მის მიერ აკრეფილი მაქსიმალური სიჩქარე 407 კმ/სთ იყო, Bugatti Chiron-ის დახმარებით, ეს თამასა 420 კმ/სთ-მდე გაზარდა.

სხვათა შორის, ახალი რეკორდის შესახებ, ფრანკფურტის შოუმდე ორიოდე დღით ადრე გახდა ცნობილი. Bugatti-მ ადრევე დადო პირობა, რომ ფრანკფურტში ახალი რეკორდით ჩამოსვლას აპირებდა და პირობაც შეასრულა.

მონტოიას Chiron-ით ადგილიდან 400-ის ასაკრეფად და გასაჩერებლად 3 112 მეტრი და 41.96 წამი ეყო. 400 კმ/სთ-ის მისაღწევად 32.6 წამი და 2 600 მეტრი გახდა საჭირო, გაჩერებას კი ამაზე ნაკლები (9.3 წამი და 491 მეტრი) ეყო.

შეგახსენებთ, რომ Bugatti Chiron-ი აღჭურვილია 8.0-ლიტრიანი W16 ძრავით, რომელიც ოტხი ტურბო კომპრესორის დახმარებით, 1 500 ცხენის ძალას და 1 600 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მისი დახმარებით, ჰიპერ ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 2.5 წამში შეუძლია, ორასს 6.5 წამში აღწევსსამასს კი – 13.6 წამში. Chiron-ის მაქსიმალური სიჩქარე საათში 420 კილომეტრია.