ლე მანის 24-საათიანი რბოლის დაწყებამდე, Bugatti-მ თავის ახალ ჰიპერ ავტომობილ Chiron-ის პირველი დინამიური ჩვენება სარტეს ავტოდრომზე, 260 000-ზე მეტი მაყურებლის თვალწინ მოაწყო. საჭესთან თავად კომპანიის დირექტორი ვოლფგანგ დიურჰაიმერი იჯდა, რომელმაც 380 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ეს სიჩქარე, ლეგენდარული რბოლის უსწრაფესი მონაწილის სიჩქარეზე მეტი იყო.

Bugatti Chiron Is Faster Than A Le Mans Racer 1

ყველაფრის მიუხედავად, Bugatti-ს ლე მანის რბოლა მხოლოდ საკუთარი ავტომობილის სადემონსტრაციოდ არ შეურჩევია. საქმე ისაა, რომ ფრანგულ კომპანიას, რომელიც ამჟამად Volkswagen-ის ჯგუფშია გაერთიანებული, მარათონული რბოლა ორჯერ, 1937 და 1939 წლებში აქვს მოგებული.

„საფრანგეთში Bugatti-სთვის არ მეგულება ლე მანზე უკეთესი ადგილი Chiron-ის დინამიური პრეზენტაციისთვის. ამ ტრასასთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაკავშირებს. აქ ხომ ერთხელ სენსაციური გამარჯვება მოვიპოვეთ. ასე რომ, ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და პრეზენტაციის ჩატარება, რომლითაც წარმატებული წარსული, წარმატებულ აწმყოსთან დავაკავშირეთ. თან Bugatti-ს უამრავ ფანს მივესალმეთ“, – ამბობს დიურჰაიმერი.

bugatti-chiron-2016-le-mans-6

Bugatti-ს განმარტებით, Chiron-ი არის მსოფლიოში ყველაზე მძლავრი, უსწრაფესი, ყველაზე მდიდრული და ექსკლუზიური სერიული სუპერ ავტომობილი. მისი პრემიერა ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე გაიმართა. მისი ფასი 2.4 მილიონი ევროა. კომპანიას მასზე უკვე 200-ზე მეტი შეკვეთა აქვს მიღებული. არადა, მხოლოდ 500 ცალის დამზადებას აპირებს. პირველი მყიდველი Chiron-ს ამ შემოდგომაზე მიიღებს.

ცნობისათვის, Bugatti Chiron-ის განკარგულებაში 1500 ცხენის ძალა და 1600 ნიუტონმეტრია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 420 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე აკრიფოს.