ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, Bugatti-ს ხელმძღვანელობა, ჰიპერ ავტომობილ Chiron-ის ჰიბრიდული ვერსიის გამოშვების მიზანშეწონილებას განიხილავს. როგორც კომპანიის შეფი ვოლფგანგ დიურჰაიმერი ამბობს, ჰიბრიდული აგრეგატის მეშვეობით, შესაძლებელი გახდება Chiron-ის სიმძლავრის გაზრდა და შესაბამისად, მისი დინამიკური მახასიათებლების გაუმჯობესება.

„ჩვენ გამოვიკვლიეთ, აგრეგატის რომელი ინგრედიენტები უნდა შევინარჩუნოთ იმისათვის, რომ არამარტო ჩვენი პოზიციის დაცვა შევძლოთ, არამედ თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ. ეს ძრავი 13 წლის წინათ შევიმუშავეთ. მაშინ მისი სიმძლავრე 986 ცხენის ძალა იყო. შემდეგ 1184 ცხენის ძალამდე გავაძლიერეთ, ბოლოს კი 1479 ცხენის ძალამდე. ამ დამტებითი 493 ცხენის ძალის მოპოვება იმავე კომპონენტებით შეუძლებელია. ეს იყო მიზანმიმართული პროცესი, რომლის განმავლობაშიც, კომპონენტების 95 პროცენტი შეიცვალა. ახლა ვფიქრობთ, რომ თუ სიმძლავრის შემდგომი ზრდა გვინდა, მაშინ ჰიბრიდული კომპონენტის დამატება მოგვიწევს“, – ამბობს დიურჰაიმერი.

ის დასძენს, რომ ჰიბრიდული სისტემის დამატების შემთხვევაში, ეს არ იქნება იმისათვის, რომ ავტომობილმა ქალაქში ელექტრო ძრავით გადაადგილება შეძლოს. ჰიბრიდული სისტემის ერთადერთი დანიშნულება, სიმძლავრის გაზრდა იქნება. „ამ ეტაპზე, სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ. ჯერ არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – დასძენს დიურჰაიმერი.

სხვათა შორის, ჟენევის მოტორ შოუზე პრემიერამდე, პრესაში ვრცველდებოდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ Chiron-ი ჰიბრიდული აგრეგატით იქნებოდა აღჭურვილი. მაგრამ ასე არ მოხდა. ჰიპერ ავტომობილი ისევ 8.0-ლიტრიანი W16 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 1500 ცხენის ძალას იძლევა. ძრავს ორქუროიანი გადაბმულობით, 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფი უკავშირდება. ამ აღჭურვილობით, Chiron-ს ადგილიდან ასის ასაკრეფად 2.5 წამი ჰყოფნის, ადგილიდან 200-ს კი 6.5 წამში კრეფს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე საათში 420 კილომეტრია.

უნდა ითქვას, რომ Bugatti 2018 წელს სერიული ავტომობილების სიჩქარის რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავს. ამჟამად რეკორდი Hennessey Venom GT-ს ეკუთვნის, რომელმაც 435 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეძლო.