ამ ავტომობილს ბაზარი დიდხანს ელოდა. არა იმიტომ, რომ ბევრს აქვს მისი შეძენის შესაძლებლობა. არამედ იმიტომ, რომ ყველას აინტერესებდა, როგორი იქნებოდა Veyron-ის შთამომავალი. მასზე ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა ბოლო მომენტამდეც კი, არავინ იყო დარწმუნებული, რომ ახალ ავტომობილს Chiron-ს დაარქმევდნენ.

bugatti-chiron-geneva-2

Bugatti Chiron-ი ნამდვილი მონსტრია – მისი 8.0-ლიტრიანი W16 ძრავი, ოთხი ტურბო კომპრესორის დახმარებით, 1500 ცხენის ძალას და 1600 ნიუტონმეტრს გასცემს. ეს კი საკმარისია იმისთვის, რომ ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც, 2.5 წამში მიაღწიოს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 420 კილომეტრს აღწევს. აღსანიშნავია, რომ ტურბინები ორ-საფეხურიან რეჟიმში მუშაობს, რაც მათი რეაგირების ჩამორჩენას პრაქტიკულად გამორიცხავს.

Bugatti-Chiron-17

რისთვის არის საჭირო ასეთი მონაცემები? ასეთი მაქსიმალური სიჩქარე ხომ მხლოდ თეორიული მაჩვენებელია და მას „შირონის“ მფლობელები ალბათ ვერასდროს შესწვდებიან? საქმე ისაა, რომ Bugatti-ს სურს, რომ Chiron-მა სიჩქარის ახალი რეკორდის დამყარება შეძლოს. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ისეთი მაბრუნი მომენტის დამორჩილება, როგორიც „შირონს“ აქვს, თუმცა „ბუგატი“ ირწმუნება, რომ ავტომობილს აქვს ძალიან წარმადი გადაბმულობა, როგორითაც მსოფლიოში ვერცერთი სხვა მსუბუქი ავტომობილი ვერ დაიკვეხნის. ეს არის ორქუროიანი გადაბმულობა, რომელიც ძრავს 7-საფეხურიან კოლოფთან აკავშირებს.

Bugatti Chiron 12

Chiron-ი კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადებულ სივრცულ სტრუქტურაზეა აგებული. ამავე მასალით დამზადდა ავტომობილის უკანა ნაწილის სუბსტრუქტურაც, რომელსაც ძრავი და ტრანსმისია ეყრდნობა და რომელზეც საკიდარი მაგრდება. გარდა ამისა, შასი ადაპტირებადია და ხუთ რეჟიმს ერგება. ეს რეჟიმები იცვლება გზისა და სიჩქარის შესაბამისად. ძრავის შესაფერისად, ავტომობილს ასევე მძლავრი მუხრუჭები აქვს. წინებს რვაცილინდრიანი დამჭერები ემსახურება, უკანებს კი – ექვსიანები. წინა ბორბლები 20-დუიმიანია, უკანები კი – 21-იანები.

Bugatti მხოლოდ 500 ცალი Chiron-ის გამოშვებას აპირებს. წარმოება შემოდგომაზე დაიწყება. როგორც Bugatti ამბობს, დაგეგმილი მოცულობის თითქმის მესამედზე შეკვეთები უკვე მიღებულია. არადა, თითო ავტომობილი 2.6 მილიონი დოლარი ღირს.