რამდენი რამის შეძენა შეიძლება 9 365 დოლარად? კარგ მდგომარეობაში მყოფ მეორად ავტომობილს ნამდვილად იყიდით და თუ თანხას კარგად გაანაწილებთ, შესაძლოა მისი იმ დონეზე მოდიფიცირებაც შეძლოთ, რომ სიჩქარეში სუპერ ავტომობილებსაც კი გაეჯიბრებით.

მაგრამ თუ ამ თანხის ამგვარად დახარჯვის სურვილი არ გაქვთ, ალტერნატივაც არსებობს – Bugatti Chiron-ის ძრავის და ტრანსმისიის 1:4 მასშტაბური მოდელი. ის ისეა გაკეთებული, ნამდვილი გეგონება. მის დეტალებს მინიატურული წარწერებიც კი ამშვენებს, როგორც ნამდვილზეა.

ხელოვნების ეს ნიმუში კომპანია Amalgam-ის მიერ არის შექმნილი, რომელსაც სუპერ და კლასიკური ავტომობილების მასშტაბური ზუსტი ასლების შექმნით აქვს სახელი განთქმული.

„შირონის“ 8.0-ლიტრიანი W16-ს მასშტაბური ასლის და მასთან შეწყვილებული ტრანსმისიის სიგრძე 45 სანტიმეტრია, სიგანე კი – ამის ნახევარი. როგორც კომპანია ამბობს, მის შემუშავებას 2 500 საათი დასჭირდა. ძრავის და ტრანსმისიის წყვილი 1 040 ცალკეული დეტალისგან შედგება, რომელთა აწყობასაც დამატებით 220 საათი სჭირდება.