Bristol Cars-მა, რომელიც 12-წლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ გამოუშვებს ახალ სპორტულ ავტომობილს, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე თავისი ახალი კონცეპტუალური ვერსია Project Pinnacle წარადგინა, რომელიც კამუფლაჟში გამოწყობილი წარსდგა საზოგადოების წინაშე და ამ ფორმითვე, აღმართის რბოლაში მიიღო მონაწილეობა.

სერიული მოდელის გაყიდვები მომავალ წელს უნდა დაიწყოს. გუდვუდში „ბრისტოლმა“ თავისი სიახლის დიზაინი გვიჩვენა, ოღონდ მისი მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია. ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ავტომობილი BMW-ს წარმოების 4.8-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავით არის აღჭურვილი. ავტომობილის სტრუქტურაში კი უხვად არის გამოყენებული კარბონის კომპოზიტი, რისი წყალობითაც, ის მსუბუქი და მტკიცეა.

Bristol Project Pinnacle

Bristol Cars-ს შარშან დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა და Project Pinnacle-ზე მუშაობა სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით დაიწყო. თავიდან იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ავტომობილი ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვებოდა, თუმცა „ბრისტოლმა“ არჩევანი მაინც V8 ძრავზე შეაჩერა – სხვა თუ არაფერი, ასეთი აგებულების აგრეგატები, ბოლო 50 წლის განმავლობაში, კომპანიის სინონიმადაც კი იქცა. საერთოდ კი, ბრიტანული მარკა თავიდანვე BMW-ს აგრეგატებს იყენებდა.

Bristol Project Pinnacle1

კონცეპტუალური ავტომობილის სტილში, Bristol-ის წარსულის მოდელების დამახასიათებელი ელემენტებია ასახული. Project Pinnacle-ს გარეგნობაზე ერთ-ერთმა იტალიურმა ატელიემ იმუშავა, რომლის სახელსაც ჯერჯერობით არ აქვეყნებენ. უნდა ითქვას, რომ ბრიტანული კომპანია ადრე Zagato-სთან და Bertone-სთან თანამშრომლობდა.

დაბოლოს, გუდვუდში „ბრისტოლმა“ გამოაცხადა, რომ Project Pinnacle-ს სერიული ვერსია მისი ბოლო მოდელია, რომელიც ატმოსფერული ძრავით აღიჭურვება.