გამოცემა Sunday Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობქიმიურ კორპორაცია “ინეოსის” (ამ დარგში მსოფლიოს უდიდესი კორპორაციების ათეულშია) დამაარსებელი და მფლობელი, ბრიტანელი მილიარდერი ჯიმ რეტკლიფი, Land Rover Defender-ის წარმოების აღდგენას აპირებს.

რეტკლიფმა Jaguar Land Rover-ის ხელმძღვანელობასთან უკვე გამართა წინასწარი მოლაპარაკება. მისი შედეგები უცნობია, თუმცა არსებობს იმის ალბათობა, რომ ის ამ ავტომობილის ინტელექტუალური საკუთრების გამოსყიდვასაც აპირებს. თანხმობის შემთხვევაში, ის ახლანდელი Defender-ის საწარმოო ხაზსაც შეიძენს, რომელიც ბრიტანულ კომპანიას, ამ ავტომობილის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, აღარ სჭირდება.

Chemicals-Tycoon-In-Talks-With-Land-Rover-1

Land Rover-მა ლეგენდარული მოდელის წარმოება წელს, იანვარში შეწყვიტა. მას სოლიჰალის ქარხანა 68 წლის განმავლობაში აწარმოებდა. თან ამ პერიოდში, ავტომობილს მნიშვნელოვანი კონსტრუქციული ცვლილებები არ ჩატარებია. წარმოების შეწყვეტის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ შეუძლებელია მისი იმგვარად მოდიფიცირება, რომ უსაფრთხოებასა და ეკოლოგიურობაზე არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს შეესაბამებოდეს.

ძველ „მცველს“ ახალი 2018 წელს შეცვლის. ეს ავტომობილი ალუმინის პლატფორმაზე აიგება და 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი, ასევე 3.0-ლიტრიანი V6 ძრავით აღიჭურვება. მეორე იქნება როგორც ატმოსფერული, ასევე მექანიკური დამჭირხნით. გარდა ამისა, ავტომობილი არაერთი ისეთი სისტემით აღიჭურვება, რომლებიც უგზოობისას მართვას გააადვილებს.

ახალ Defender-ს Jaguar Land Rover-ის სლოვაკური საწარმო გამოუშვებს, რომლის აშენება-გამართვაზეც ბრიტანული კომპანია 1.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გაიღებს.