საავტომობილო კომპანიები თავიანთ კლიენტებს ინდივიდუალიზაციისთვის იმდენად დიდ არჩევანს სთავაზობენ და მათი სპექტრი ისე სწრაფად იზრდება, რომ შესაძლოა, მალე სატუნინგო კომპანიები უსაქმოდ დატოვონ. შესაძლოა, ეს მოსაზრება გაზვიადებული არის, მაგრამ ფაქტია, რომ ტუნინგზე სპეციალიზებულ კომპანიებს ბოლო დროს, თავიანთ შეთავაზებათა პაკეტში სულ უფრო ხშირად შეაქვთ განსხვავებული, რომლებსაც ისეთ სახელებს არქმევენ, კლიენტს რომ მიიზიდავს.

Mercedes-Brabus-13

ახლახანს სწორედ ამ მიმართულებით გადადგა ნაბიჯი Brabus-მა, რომელმაც სრულიად ახალი ხაზი – Crazy Colour შეიმუშავა და მათ G63 AMG-ის ბაზაზე შექმნილი Brabus 700-ის მყიდველს სთავაზობენ. მათ შორის არის Solar Beam (მზის სხივი – ფოტოზე), Crazy Plum (გიჟი ქლიავი) და Raging Hulk (მძვინვარე ჰალკი).

რა თქმა უნდა, Brabus-ი მარტო თუნდაც ეგზოტიკური ფერებით არასდროს შემოიფარგლება. მის პაკეტში ყოველთვის არის ძარის ახალი ელემენტები, რომლებიც ავტომობილს აგრესიულ იერს ანიჭებს და გაძლიერებული ძრავები, რომლის გარეშეც, ეს გერმანული ბრენდი წარმოუდგენელია.

Mercedes-Brabus-49

ძარის სიახლეებს შორისაა კაპოტის ჩანართი, რომელიც კარბონის კომპოზიტისგან არის დამზადებული და რომელსაც სავენტილაციო ჭრილები აქვს. ახალი ფარები ძარის ფერის ფოსოებში მოთავსდა, რადიატორის ცხაური კი შავი ფერისაა და მას რა თქმა უნდა, „ბრაბუსის“ ლოგო, სტილიზებული B ამშვენებს. ავტომობილი დღის განათების დამატებითი ბლოკითაც აღიჭურვა, რომელიც LED ელემენტებისგან შედგება. ავტომობილის ცხვირს ამშვენებს დამცავი ჩარჩო-სტრუქტურა, ბამპერში არსებული ჰაერის ამღები ჭრილების განივკვეთი კი გაიზარდა.

Mercedes-Brabus-27

უკან შეიცვალა სათადარიგო ბორბლის სამაგრი და ბამპერი, რომელშიც LED ელემენტების ბლოკია ინტეგრირებული. გარდა ამისა, ავტომობილის სახურავის უკანა კიდეში ანტი ფრთა განლაგდა. სალონი შავი ტყავით არის გაწყობილი, რომელთანაც კონტრასტს ქმნის ძარის ფერის ნაკერები.

რა თქმა უნდა, ამ ავტომობილს ცხენების უზარმაზარი რემა ემსახურება. მისი 5.5-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავის სიმძლავრე, 571-დან 700 ცხენის ძალამდეა გაზრდილი. მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 960 ნიუტონმეტრამდე (760-დან) გაიზარდა. ამ ძრავის დახმარებით, 2.5-ტონიან ავტომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად, 4.9 წამი ჰყოფნის, ანუ სერიულ მოდელზე 0.5 წამით ნაკლები.

დაბოლოს, Brabus-ის ეს „მზის სხივი“ პირველ შემკვეთს 270 000 ევრო დაუჯდა.