საავტომობილი კომპანიები ინტენსიურად მუშაობენ იმ ტექნოლოგიებზე, რომლებმაც ადრე თუ გვიან, სრულად ავტონომიურ ავტომობილებამდე უნდა მიგვიყვანოს. საბოლოო მიზნის მიღწევამდე კი ისინი ასეთი ტექნოლოგიების ცალკეულ კომპონენტებს წარმატებით ნერგავენ სერიულ ავტომობილებზე. ამ საქმეში მათ არც მაკომპლექტებლების მწარმოებლები ჩამორჩებიან.

მათ შორისაა Bosch-ი, რომელმაც შეიმუშავა ნაწილობრივ ავტონომიური ავტომობილის სისტემა და მისი სადემონსტრაციო ჩვენება ფარმინგტონ ჰილზში (შტატი მიჩიგანი) ჩაატარა. სისტემას ქვია home zone park assist და გერმანული კომპანია იმედოვნებს, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, სერიულ ავტომობილებზე მის დანერგვას 2019 წელს დაიწყებს.

Bosh Parking

პარკირების სისტემა რამდენიმე კომპანიას აქვს შექმნილი. მაგრამ ბოშის სისტემა იმით გამორჩევა, რომ ავტომობილის დამოუკიდებლად მართვა, 100 მეტრის მანძილზე შეუძლია და რაც მთავარია, პარკირების კომპლექსურ მანევრებს უზადოდ ასრულებს. სისტემის ასამუშავებლად, მძღოლი თავის სმარტფონზე სტარტის წერტილს აწვება. ამის შემდეგ, ფეხმავლის ტემპით, თავად ასრულებს საჭირო მანევრს, რასაც სისტემა იმახსოვრებს.

დამახსოვრების პროცესში, home zone park assist-ი იყენებს 12 ულტრაბგერით სენსორს, რომლებიც წინა და უკანა ბამპერებშია დამაგრებული. ამავე საქმეს ემსახურება გარე სარკეების კორპუსებში მოთავსებული სტერეო ვიდეო კამერები. თუ კამერებს რამე ჩამოეფარება, სისტემა ოთხი სხვა რადარული სენსორის ჩვენებას დაეყრდნობა, რომლებიც ავტომობილის ოთხივე კუთხეშია განლაგებული.

სენსორების და ჩანაწერების მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენებით, სისტემა ავტომობილს დაბრკოლებებს არიდებს და როგორც კი იგრძნობს, რომ მანევრის შესრულებისას, დაბრკოლება ხელს არ შეუშლის, პარკირებას დაასრულებს. თუ სისტემა დაადგენს, რომ მანევრის შესრულებას დაბრკოლება შეექმნება, გაჩერდება და ამის შესახებ, პატრონს შეატყობინებს (სმარტფონით). თუ სისტემის სასწავლო-სადემონსტრაციო მანევრი არ იყო სრულყოფილი და არც ავტომობილის პარკირების პოზიცია იყო სწორი, ამას „ჰოუმ ზონ პარკ ესისტი“ თავისით გამოასწორებს, რაშიც მისი პროგრამა გააკეთებს.