ჯენერალ მოტორსი მალე პატარა ელექტრომობილ „ბოლტის“ წარმოების დაწყებას აპირებს, მაგრამ პრობლემა იმ მხრიდან შეექმნა, საიდანაც არ ელოდა – შეერთებული შტატების პატენტების და სავაჭრო ნიშნების ოფისმა, გენერლებს სახელ „ბოლტის“ მათ კუთვნილებად გამოცხადებაზე უარი უთხრა. ეს კი იმ გარემოებით ახსნა, რომ ეს სახელი „იამაჰას“ აქვს დარეგისტრირებული.

იაპონურმა კომპანიამ ეს სახელი ამერიკის ბაზარზე 2012 წელს დაიმკვიდრა. ოღონდ, ამ სახელით მოტოციკლს მისი ქვე-ბრენდი „სტარი“ ჰყიდის. „შევროლემ“ კი „ბოლტზე“ განაცხადი 2014 წელს შეიტანა. ამგვარად, როცა ამერიკულმა კომპანიამ ეს გააკეთა, მაშინ სახელ „ბოლტს“ სტატუსი „რეგისტრირებული“ უკვე ჰქონდა. სხვათა შორის, ამ სახელისთვის „ჯენერალ მოტორსს“ ბევრი აკრიტიკებდა რადგან ის ძლიერ ჰგავს უფრო დიდი ზომის პლაგ-ინ ჰიბრიდულ ელექტრომობილ „ვოლტის“ სახელს.

პირველი უარის შემდეგ, ამერიკულმა კომპანიამ პატენტების ოფისში კიდევ ერთი განაცხადი შეიტანა, რომლითაც უკვე ორი სახელის – „ბოლტ EV-ს“ და „შევროლე ბოლტ EV-ს“ დაუფლებას ცდილობს. მაგრამ პატენტების ოფისმა ამ განაცხადის წარმოებაში მიღება იმ დრომდე გადადო, სანამ პირველ განაცხადზე დადებით ან უარყოფით რეზოლუციას გასცემს. ამ ეტაპზე, „ჯენერალ მოტორსის“ განაცხადი შეჩერებულია.

„ჯენერალ მოტორსმა“ კონცეპტუალური ელექტრომობილი „შევროლე ბოლტი“ პირველად დეტროიტის წლევანდელ მოტორ შოუზე წარადგინა. ამერიკული კომპანიის განცხადებით, ამ ავტომობილის სერიული ვერსიის ფასი არ იქნება 30 000 დოლარზე მეტი, რის გამოც მას ხელმისაწვდომ ელექტრომობილად მოიხსენიებენ. შოუზე კონცეპტის მახასიათებლები არ გამოუქვეყნებიათ, თუმცა ითქვა, რომ მას ელემენტების ბლოკის ერთი სრული დამუხტვით, 320 კილომეტრზე მეტის გავლა შეუძლია.