ელექტრომობილების ბაზარზე ახალი კომპანია, Bollinger-ი გამოჩნდა, რომელსაც როგორც ჩანს, ამ ტოიპის ავტომობილებს შორის Land Rover-ის ნიშის და ავტორიტეტის მოპოვება აქვს გადაწყვეტილი. დამწყებმა კომპანიამ თავისი პირველი პროდუქტი, უგზოობის ელექტრომობილი B1 მანჰეტენზე, კლასიკური ავტომობილების კლუბში წარადგინა.

პრეზენტაციაზე B1 „მსოფლიოში პირველი სრულად ელექტრულ, სრულ ამძრავიან, უგზოობის და საგზაო სპორტულ სატვირთო ავტომობილად“ წარადგინეს. თავისი დაკუთხული ფორმებით, ის ერთდროულად ძველ Willys Jeep-საც მოგაგონებთ და Land Rover-ის სხვადასხვა თაობის Discovery-საც.

Bollinger-ის განცხადებით, მყიდველს B1-ს ელემენტების ორი განსხვავებული ბლოკით შესთავაზებს. მათგან ერთის ტევადობა 60 კილოვატსაათია, მეორისა კი – 100 კილოვატსაათი. შესაბამისად, მათი სვლის სიშორე 195 და 320 კილომეტრია. B1 ემსახურება ელექტრო ძრავი, რომელიც 360 ცხენის ძალას და 640 ნიუტონმეტრს ავითარებს. მისი დახმარებით, ავტომობილს 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 4.5 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 204 კილომეტრს აღწევს.

„ბოლინჯერ B1“ 1 770 კილოგრამს იწონის და 2.8-ტონიანი მისაბმელის ტარების უნარი აქვს. ავტომობილის წონა ღერძებს შორის თანაბრად, 50/50 პროპორციით არის განაწილებული. ელემენტების მომცრო ბლოკის დასამუხტად 7 საათია საჭირო, უფრო დიდს კი 12 საათი სჭირდება. სწრაფად დასამუხტი სისტემა ამ საქმეს შესაბამისად, 45 და 75 წუთში აკეთებს.

„ბოლინჯერი“ თავისი უგზოობის ელექტრომობილის ბაზარზე გამოტანას 2019 წლის თებერვლამდე აპირებს. თუმცა სანამ ეს მოხდება, პარტნიორი სჭირდება, რომელიც წარმოების გამართვას დააფინანსებს.