BMW და Toyota რომ ერთობლივად სპორტულ მოდელზე მუშაობენ, იმ ავტომობილებს ორივე მომავალ წელს გამოუშვებს, მანამდე კი ბავარიულმა კომპანიამ თავისი წილ როდსტერ Z4-ის კონცეპტუალური ვერსია ჯერ პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე წარადგინა, შემდეგ კი ფრანკფურტის მოტორ შოუზე, სადაც მისი ევროპული პრემიერა გაიმართა.

კონცეპტუალური Z4-ის დამახასიათებელი გარეგნული ნიშანი, მისი წაგრძელებული კაპოტი და ზვიგენის მსგავსი ცხვირია, სადაც რა თქმა უნდა, წყვილი “თირკმლის” ფორმის რადიატორის ცხაური და მის ქვეშ ზორბა სპოილერი-ჰაერის ამღები განლაგდა. ამ სპოილერის ორივე კიდეშიც, ფარების ქვეშ, დიდი ზომის ჰაერის ამღებები განლაგდა. ავტომობილს ასევე ძლიერ პროფილირებული ფორმები გამოარჩევს, რომლებიც საერთო ჯამში, საკმაოდ აგრესიულ იერს ქმნიან.

კონცეპტ Z4-ზე მუშაობისას, დიზაინერებმა შთაგონების წყაროდ ლეგენდარულ ათასკილომეტრიან რბოლა მილე მილიას გამარჯვებული BMW 328-ს სტილი გამოიყენეს. ინტერიერი დახვეწილი სტილით გამოირჩევა, როგორიც ყველაზე გამორჩეულ სუპერ ავტომობილებსაც კი დაამშვენებდა. მასში მძღოლის მხარე შავი ტყავითაა გაწყობილი, რითაც კოკპიტის ეფექტი იქმნება. ორივე სავარძლის უკან დამცავი რკალებია ამოშვერილი, რომლებიც სარბოლო ავტომობილის სტილშია შესრულებული.

ბავარიულ კომპანიას ფრანკფურტში კონცეპტუალური როდსტერის ტექნიკურ მახასიათებლებზე არაფერი უთქვამს. ცნობილია, რომ Z4 იმავე პლატფორმაზე აიგება, რომელზეც Toyota-ს მოდელი Supra. სამაგიეროდ, მათ რადიკალურად განსხვავებული დიზაინი და ძალური დანადგარები ექნება. არაოფიცალური ინფორმაციით, Z4-ის საბაზო ვერსია, 2.0-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება, რომელიც 195 ცხენის ძალას და 320 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.