პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე, რომელსაც ტრადიციულად, კალიფორნიის მონტერეი მასპინძლობს, BMW-მ თავისი ახალი კონცეპტუალური ავტომობილი, როდსტერი Z4 პირველად წარადგინა. ავტომობილის სტილი მის სიძლიერეზე მიგვანიშნებს და ეს არის ბავარიული კომპანიის ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს მისი მომავალი როდსტერი.

კონცეპტში კლასიკური როდსტერებისთვის დამახასიათებელი რამდნმე თვისებაა ჩაქსოვილი. მაგალითად, გრძელი ბაზა, დაბალი სილუეტი და მოკლე უკანა გადმონაშვერი. Z4 ასევე შედარებით მოკლე კაპოტითაც გამოირჩევა, რისი კომპენსირებაც გრძელი წინა გადმონაშვერით მოხდა. მისი დამახასიათებელი თვისებაა ასევე დაბალი სიმძიმის ცენტრი.

„კონცეპტუალური BMW Z4, ჩვენი კომპანიის ახალი სტილის დემონსტრირებაა. და გარეგნულად ის ძალიან ახლოსაა იმასთან, როგორიც სერიული როდსტერი იქნება“, – ამბობს BMW-ს ჯგუფის დიზაინის შეფი ადრიან ვან ჰოოიდონკი.

ავტო მოყვარულებმა იციან, რომ ამ ავტომობილზე ბავარიელები „ტოიოტასთან“ ერთად მუშაობენ. იმავე პლატფორმაზე იაპონური კომპანია თავის ახალ „სუპრას“ გამოუშვებს. მათ საერთო ექნებათ შასის უმეტესი ნაწილი, ასევე მუხრუჭები, საკიდარი და სხვა. ძრავებს და ელექტრონიკას ორივე კომპანია თავისით ამზადებს.

ორივე კომპანიის მოდელებს კომპანია „მაგნას“ ავსტრიული ქარხანა მომავალი წლიდან გამოუშვებს. ორივეს ყოველწლიური წარმოების ჯამური მოცულობა 60 000 ავტომობილი იქნება.