BMW თავისი ქროსოვერების და უგზოობის ავტომობილების გამას სულ უფრო აფართოებს. მორიგი სიახლის კონცეპტუალური ვერსია, X2 Concept-ის სახით, გერმანულმა კომპანიამ პარიზის მოტორ შოუზე წარადგინა. მალე ეს ავტომობილი, რომელიც თავისი გაბარიტებით ახლოსაა უფრო პატარა X1-თან, მცირე ცვლილებებით, კონვეიერზე დადგება.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ კონცეპტუალური ავტომობილი განსხვავებულ სტილშია შესრულებული, რომელსაც მალე ალბათ ბავარიელთა სხვა ამ ტიპის ავტომობილებზე ვიხილავთ. BMW-ს უფროსი ვიცე პრეზიდენტი ადრიან ვან ჰოოიდონკი X2 Concept-ს მოიხსენიებს, როგორც „ავტომობილს აქტიური ადამიანებისთვის, ვინც სიამოვნებას და პრაქტიკულობას ანიჭებს უპირატესობას“.

bmw-x2-concept-paris-5

რადიატორის ცხაურის ორივე კიდეში, ლაზერული ფარები განლაგდა, რომლებიც შიდა მხარეს წაწვეტებულია, გარეთ კი ფართოვდება და ბორბლის თაღის ლამის შუა ნაწილამდეა წაგრძელებული. საქარე შუშა ძლიერ არის დახრილი, რაც დაბალ სახურავთან ერთად, ავტომობილს სპორტულ იერს ანიჭებს. კარის სახელურები დამალულია. ფარების ქვეშ, ორი დიდრონი ჰაერის ამღები განლაგდა.

უკანა ნაწილი „დაკუნთული“ ფორმებით გამოირჩევა. საბარგულის (მეხუთე კარის) ქვედა კიდე ძალიან მაღალზეა და დიდრონ ბამპერთან მთავრდება. ზედა ნაწილში კი ზორბა სპოილერი განლაგდა, რომელიც ჰაერის ნაკადს აწესრიგებს. კონცეპტი 21-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც ღრმა პროტექტორის მქონე საბურავებით არის შემოსილი.

პარიზული პრემიერისას, BMW-ს კონცეპტუალური X2-ის ტექნკური მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია და არც მისი აღჭურვილობის შესახებ უთქვამს რამე. ცნობილია, რომ ავტომობილი ბენზინის და დიზელის აგრეგატებს მეტწილად X1-ისგან გაიზიარებს.

bmw-x2-concept-paris-3

სერიული X2 გახდება BMW-ს ჯგუფის მეორე ავტომობილი, რომელსაც წინა ამძრავიან უნივერსალურ პლატფორმა UKL-ზე ააგებენ. ამავე პლატფორმაზე მალე მეორე თაობის Min Countryman-ს გამოუშვებენ. X2-ის სერიული ვერსიის წარმოება 2018 წელს დაიწყება და ეს ბავარიული კომპანიის გამაში, მეექვსე ქროსოვერი გახდება.