თავისი არსებობის 100-წლიან იუბილესთან დაკავშირებით, BMW-მ თავისი ახალი კონცეპტუალური ავტომობილი გამოაქვეყნა, სახელად Vision Next 100. ეს არის ავტონომიური ავტომობილი, რომელიც ბავარიული კომპანიის ინჟინრების ხედვას გვიჩვენებს იმაზე, თუ რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ავტომობილი მომდევნო ასი წლის განმავლობაში.

BMWVisionNext100-04

ავტომობილს მუშაობის ორი რეჟიმი აქვს – „ბუსტ“ და „იზი“. პირველ შემთხვევაში, მართვის ელექტრონული სისტემა პასიურ მდგომარეობაში გადადის და მართვას თავის თავზე იღებს მძღოლი. იმავდროულად, საქარე შუშის შიდა ნაწილი, საპროექციო ეკრანის მოვალეობის შესრულებასაც იწყებს. მასზე გამოისახება ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც თანამედროვე ავტომობილებში, მაჩვენებლების დაფა იძლევა. უფრო მეტიც, მასზე მიიღებთ ისეთ ინფორმაციასაც კი, როგორიცაა მოსახვევის ტრაექტორია და მისი გავლის ოპტიმალური სიჩქარე.

გარდა ამისა, ცუდ ამინდსა და შემცირებული ხედვის პირობებში, საქარე შუშაზე გამოისახება ინფორმაცია, რომელიც ირგვლივ მოძრავი ავტომობილების მოძრაობის ტრაექტორიებს აჩვენებს და გაფრთხილების სიგნალს იძლევა, თუ შეიქმნება ტრაექტორიების გადაკვეთის საშიშროება. რეჟიმ „ბუსტით“ მუშაობისას, ამავე ეკრანზე გამოისახება ავტომობილის მოძრაობის ოპტიმალური ტრაექტორია.

BMWVisionNext100-08

როგორც კი რეჟიმი „იზი“ ჩაირთვება, ავტომობილი ავტონომიურ მართვაზე გადადის. პარალელურად, ინტერიერიც შესაბამის კონფიგურაციას ღებულობს: საჭის რგოლი და ცენტრალური კონსოლი იკეცება, სავარძლები შეტრიალდება და სალონში ერთიანი სივრცე იქმნება. ამ შემთხვევაში, პროექციული ეკრანი, ინფოტაინმენტ სისტემის ნაწილი ხდება. „ბეემვეს“ ინჟინერთა აზრით, მომავალში ავტომობილში მეორე და მითუმეტეს, მესამე ეკრანი საჭირო აღარ იქნება, თუნდაც სალონში მისი განთავსება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდეს. ორივეს დანიშნულებას ერთი დიდი ეკრანი შეასრულებს.

კონცეპტუალური ავტომობილის ძარას და ცენტრალურ კონსოლსაც, საინტერესო აგებულება აქვს. ისინი სამკუთხა აქტიური ელემენტებისგან შედგება, რომლებსაც ძარისთვის, ან კონსოლისთვის ფორმის შეცვლა შეუძლია. მაგალითად, მოსახვევში, როცა ბორბალი თაღის გარეთ გამოდის, თაღი სწორედ ამ სამკუთხა ელემენტების დახმარებით, იმგვარად დეფორმირდება, რომ ბორბალს გარშემოევლოს და ჰაერის შემხვედრ ნაკადს ხელი არ შეუშალოს. საერთოდაც უნდა ითქვას, რომ Vision Next 100 შესანიშნავი აეროდინამიკით გამოირჩევა, რომლის ინდექსიც მხოლოდ 0.18 აქვს.

BMWVisionNext100-17

გარდა ამისა, კონცეპტუალური ავტომობილი აღჭურვილია ელექტრონული სისტემით, რომელიც მანქანას კონკრეტულ მძღოლზე მორგებაში ეხმარება. გარდა ამისა, ის მართვაშიც ღებულობს მონაწილეობას. უფრო სწორედ, მართვას აადვილებს და უფრო უსაფრთხოს ხდის. გარდა ამისა, ავტომობილს ექნება სისტემა, რომელიც სხვა ავტომობილებთან ურთიერთობაში დაეხმარება და მათთან ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფს. იგივე სისტემა, ფეხმავლებს იმის სიგნალს აძლევს, რომ მათ გზას უთმობს.

კონცეპტუალური ავტომობილი, განახლებადი და გადამუშავებული ნარჩენების გამოყენებით არის დამზადებული. მაგალითად, კონსტრუქციასა და ძარაში გამოიყენეს ის კარბონის ბოჭკო, რომელიც სხვა ავტომობილების (i ქვებრენდის) წარმოებისას მორჩა.

BMW-ს აღმასრულებელი ჰარალდ კრუგერი ამბობს, რომ მომავლის თემაზე სულ ოთხი კონცეპტუალური ავტომობილის შემუშავება იგეგმება. Vision Next 100 პირველი მათგანია. დანრჩენ სამს Rolls-Royce, Mini და BMW-ს მოტოციკლების მწარმოებელი შტო შეიმუშავებენ.