ცნობილმა თურქმა დიზაინერმა მეჰმეტ დორუქმა შეიმუშავა მომავლის კონცეპტუალური მოტოციკლი, რომელიც BMW Titan-ის სახელით გაგვაცნო. ავტორი, რომელსაც არაერთი კონცეპტუალური მოტოციკლი აქვს შემუშავებული, ამბობს, რომ ეს მისი ყველაზე გამორჩეული და სრულყოფილი პროექტია, რომელიც ზვიგენის ტანის ფორმის შთაგონებით შექმნა.

BMW-Titan-1

თუმცა თავისი მასიური წინა ნაწილით, გრძელი ტანით და შედარებით მსუბუქი კუდით, ის უფრო კაშალოტს მოგვაგონებს. პროექტის ავტორის მთავარი მიზანი ის იყო, რომ მოტოციკლს ჰაერის შემხვედრი ნაკადისადმი მინიმალური წინააღმდეგობა ჰქონდა. სწორედ ამიტომ, წინა ბორბალი სრულად დაიფარა სპეციალური აეროდინამიკური პანელით. მას ისეთი აგებულება აქვს, რომ ჰაერის ნაკადს სასურველ მიმართულებას აძლევს, ნაწილს კი მოტოციკლის ძარის შიგნთ მიმართავს და იმ ადგილებში გამოუშვებს, სადაც ჰაერის მჭიდრო ნაკადი ყველაზე მეტადაა საჭირო.

BMW-Titan

ძრავი BMW Titan-ის ცენტრალურ ნაწილში არის განლაგებული. პილოტის დასაჯდომის წინ მოთავსებულია მართვის მექანიზმი და მაჩვენებლების დაფა. მხედარს დაწოლილ მდგომრეობაში მოუწევს ამ მოტოციკლის მართვა, რაც იმის გათვლით გაკეთდა, რომ ჰაერის შემხვედრი წინაღობა მცირე იყოს. პროექტის ავტორი არ ამბობს, რა ტიპის ძრავით აპირებს თავისი კონცეპტის აღჭურვას და არც მის სავარაუდო მახასიათებლებს გვიმხელს.

დიდი ალბათობით, BMW Titan კონცეპტის სახითვე დარჩება და მას არავინ განახორციელებს, რადგან ასეთ ორბორბლიანი მანქანისთვის, საერთო სარგებლობის გზების ლიცენზიის აღება ადვილი არ იქნება.