BMW ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ელექტრომობილების სეგმენტში Tesla Motors-ის ჰეგემონიის ხელყოფას ცდილობენ. ბავარიელები თავიანთ ქვებრენდ i-ს სახელით უკვე აწარმოებენ ორ ელექტრომობილს და მალე ბაზარზე კიდევ ოთხ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილს გამოუშვებენ.

მათგან ერთ-ერთი იქნება ელექტრომობილი, რომელსაც მე-3 სერიის ბაზაზე შეიმუშავებენ. ეს ავტომობილი, Tesla-ს Model 3-სა და Model S-ს შორის არსებულ ნიშას დაიკავებს. ეს ავტომობილი ბაზარზე 2019-2021 წლებს შორის გამოვა. მას განსხვავებულ საკიდარზე დააყენებენ და ორი განსხვავებული ვერსიის სახით შესთავაზებენ მყიდველს. ერთის ძალური დანადგარის სიმძლავრე 315 ცხენის ძალა იქნება და ის უკანა ამძრავიანი უნდა იყოს. მეორის სიმძლავრე 402 ცხენის ძალას მიაღწევს და ის სრულ ამძრავიანი იქნება. ორივეს სვლის სიშორე 400-500 კილომეტრს შორის მოექცევა.

მეორე ავტომობილი Model S-ის პირდაპირი კონკურენტი უნდა იყოს. მას ექნება ხუთკარიანი ძარა და თავისი გაბარიტებით, მე-5 და მე-7 სერიებს შორის ნიშას დაიკავებს. ამ ავტომობილის სახელი შეიძლება იყოს i5 ან i6. მას სამი სხვადასხვა ელექტრო ძრავით და ასევე სამი განსხვავებული ტევადობის ელემენტების ბლოკით აღჭურვავენ. ყველაზე ტევადი ბლოკით აღჭურვილი ვერსიის სვლის სიშორე 600 კილომეტრს მიაღწევს.

მესამე ავტომობილია X3 eDrive, რომლის გამოშვების სავარაუდო დრო 2018 წელია. ამ ავტომობილით ბავარიელები კონკურენციას Tesla Model X-ს გაუწევენ. გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ამ ავტომობილს 302-ცხენისძალიანი ელექტრო ძრავი მოემსახურება, რომელსაც ელექტრო ენერგიით 70 კილოვატსაათი ტევადობის ელემენტების ბლოკი მოამარაგებს. ამ ბლოკს კი BMW-სთვის ჩინეთში დაამზადებენ.

განხლება ელის პატარა ელექტრულ ჰეჩბეკ i3-ს, რომლის ოდნავ სახეშეცვლილი ვერსიაც ბაზარზე მომავალ წელს უნდა გამოვიდეს. მასთან ერთად, ბავარიელები ამავე ავტომობილის კიდევ ერთ, უკეთესი მახასიათებლების მქონე ვერსიასაც გამოუშვებენ. ახალი თაობის i3-ის გამოსვლა კი 2022 წლისთის არის მოსალოდნელი.