BMW ახალი ტიპის ლითიუმ იონურ ელემენტებზე მუშაობს, რომლებიც მაღალი ეფექტურობით და სხვა დადებითი თვისებებით გამოირჩევა, თუმცა გერმანული კომპანია მათს სერიულ დანერგვას 2026 წელზე ადრე ვერ შეძლებს. ახალი ელემენტების თავისებურება ისაა, რომ მათში არაა თხევადი ელექტროლიტები, რომელთა ნაცვლადაც, მყარ ელექტროლიტებს იყენებენ.

კვლევები აჩვენებს, რომ მყარტანიანი ელემენტები, ახლანდელ ლითიუმ იონურებზე მსუბუქია. გარდა ამისა, ასეთ ელემენტებს ავარიის შემთხვევაში, აალებისადმი ნაკლები მიდრეკილება აქვს. გარდა ამისა, მათი ტევადობა ახლანდელებზე 15-20 პროცენტით მეტია.

მართალია, ბავარიული კომპანია მცირე რაოდენობით უკვე აწარმოებს ახალი ტიპის ელემენტებს, მაგრამ სანამ მათ სერიულ წარმოებაში დანერგავს, ხანგრძლივი ტესტებია ჩასატარებელი, რომელთა დროსაც, ელემენტების გამძლეობა შემოწმდება. ასეთ ტესტებს კი რამდენიმე წელი დასჭირდება.

პარალელურად, „ბეემვე“ აგრძელებს მუშაობას თანამედროვე ლითიუმ იონურ ელემენტებზე და რა თქმა უნდა, შიდაწვის ძრავებზე. მარკეტოლოგები ვარაუდობენ, რომ ტრადიციული შიდაწვის ძრავები მინიმუმ ათი წელი კიდევ შეინარჩუნებენ პოზიციებს, სანამ ელექტრომობილების მასობრივი წარმოება დაიწყება.

გერმანული კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის შეფი იან რობერტსონი ამბობს: „შიდაწვის ძრავებს ჯერაც გრძელი გზა აქვს გასავლელი. ჩვენ მათი ეფექტურობის გაუმჯობესებაზე მუშაობას ვაგრძელებთ“.