როცა 2013 წელს i3-ს და i8-ს წარმოება დაიწყო, BMW ლუქს კლასის მწარმოებელ საავტომობილო კომპანიებს შორის, ერთბაშად გახდა ლიდერი ელექტრიფიკაციის სფეროში. მაგრამ გავიდა სულ ოთხი წელი და ბავარიული კომპანია ერთბაშად ჩამორჩა. მან ვერ შეძლო დაპირებული i5-ის დროულად გამოუშვება და ამასობაში, Volkswagen-ის და Mercedes-Benz-ის მდევრის როლში აღმოჩნდა.

მაგრამ BMW ასე დიდხანს ყოფნას არ აპირებს. მართალია, i5-ის გამოშვება შემდგომი ათწლეულის დასაწყისში გადაიდო, მაგრამ მანამ ბავარიელები თავიანთი მყიდველისთვის, აბსოლუტურად ყველა მოდელის ჰიბრიდული ვერსიების შეთავაზებას გეგმავენ. ამ ეტაპზე, უკვე შესაძლებელია მე-3 და მე-7 სერიების, ასევე X5-ის ჰიბრიდული ვერსიების ყიდვა. მალე ბაზარზე ჰიბრიდული 530e გამოვა. და შემდეგი თაობის X3-ის ერთ-ერთი ვერსია, პლაგ-ინ ჰიბრიდული ძალური დანადგარით აღიჭურვება.

მას შემდეგ, რაც ჰიბრიდიზაციის პროცესს დაასრულებს, BMW აქცენტს i-ქვებრენდის ახალ მოდელებზე გააკეთებს. მათ შორის პირველი სწორედ i5 გახდება. გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს ავტომობილი 110 კილოვატსაათი ტევადობის ელემენტების ბლოკით აღიჭურვება, რაც მას ერთი სრული დამუხტვით, 550 კილომეტრის გავლის საშუალებას მისცემს.

ამის შემდეგ, ბავარიელები მე-3, მე-5 და მე-7 სერიების ელექტრულ ვერსიებს გამოუშვებენ. მათი სვლის სიშორეც 500 კილომეტრზე მეტი იქნება. შემდგომი ელექტრული ვერსია კი X3-ის ბაზაზე დამზადდება.