GT4 სარბოლო კლასის პოპულარობა მატულობს და ის სულ უფრო მეტ ავტომწარმოებელს იზიდავს. მათ შორისაა BMW, რომელიც ამ კლასის სპეციფიკაციების შესაბამისად, კუპე M4-ის ბაზაზე, მის სარბოლო ვერსია M4 GT4-ს ამზადებს. ახალი ავტომობილი, რომელიც ბავარიელებმა ფოტო თიზერით გაგვაცნეს, მსოფლიოს სხვადასხვა სერიებში მიიღებს მონაწილეობას.

M4 GT4 შეცვლის საკმაოდ წარმატებულ სარბოლო სედან M3 GT4-ს. ამგვარად, ბავარიელთა სარბოლო ავტომობილების გამაში ისევ სამი ავტომობილი დარჩება. M4 GT4-ს იქ დახვდება M6 GT3 და M235i Racing-ი. ახალი სარბოლო ავტომობილი აღჭურვილობით ძალიან ახლოსაა სერიულ M4-თან. ყოველ შემთხვევაში, მათ პრაქტიკულად იდენტური ძრავი აქვთ.

ეს არის 3.0-ლიტრიანი ერთრიგა წყვილ ტურბოიანი აგრეგატი, რომელიც 431 ცხენის ძალას და 550 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. სერიულ ვერსიაზე, ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი მექანიკური და 7-საფეხურიანი წყვილქუროიანი ტრანსმისია მუშაობს. სავარაუდოდ, სარბოლო ვერსიაზე მხოლოდ მეორე დარჩება. უფრო დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ფოტო თიზერის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ სარბოლო M4 GT4 სერიული კუპესგან გარეგნობით განსხვავდება, რასაც ახალი აეროდინამიკური ელემენტები განაპირობებს. გარდა ამისა, ძარის პანელები კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა. მათ შორისაა კაპოტი და კარები. კარბონისგანვე დამზადდა წინა სპლიტერი და უკანა ანტი ფრთა. კოკპიტში გამოყენებულია M6 GT3-ის სარბოლო სავარძლები და პედლების კვანძი.

BMW ახალი სარბოლო ავტომობილი კლიენტი გუნდებისთვის მიწოდებას მომავალი სეზონის მეორე ნახევარში დაიწყებს. ამის მიუხედავად, მისი დებიუტი დუბაის 24-საათიან რბოლაში შედგება, რომელიც 2018 წლის იანვარში გაიმართება. სარბოლო ტრასებზე მისი კონკურენტები იქნებიან: Porsche Cayman GT4 Clubsport, Maserati GranTurismo MC, KTM X-Bow GT4 და სხვა.