BMW სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს მწვანე ტექნოლოგიებს. მისი ქვე-ბრენდი i სწორედ იმის მანიშნებელია, რომ ბავარიულ კომპანიას მტკიცედ აქვს ეს მიმართულება არჩეული და რაც დრო გავა, სულ უფრო ხშირად გავიგებთ მისი ელექტრომობილების და ჰიბრიდული სისტემებით აღჭურვილი ავტომობილების შესახებ. ახალი ტექნოლოგიების პოპულარიზაციისთვის კი BMW თავის ყველაზე პრესტიჟულ ბრენდ M-ს გამოიყენებს.

დღეს ისეთ უმაღლეს სარბოლო სერიებშიც კი, როგორებიცაა F1 და გამძლეობაზე რბოლები, ჰიბრიდულ სისტემებს იყენებენ. რაც მთავარია, ასეთმა სისტემებმა გვიჩვენა, რომ კონკურენტუნარიანებია. ბავარიელებიც, i3-ის და i8-ს წარმტებების შემდეგ, ჰიბრიდულ აგრეგატებს თავიანთ სხვა მოდელებზეც დანერგავენ. მათ შორის პირველი კი შესაძლოა შემდეგი თაობის M3 გახდეს.

M3-May-Be-Plug-In-Hybrid-2

ასეთ ვარაუდს გამოთქვამს გამოცემა „დეტროიტ ბიურო“, რომელიც წერს, რომ შემდეგი თაობის M3 ალბათ პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება. უფრო მეტიც, გამოცემა დარწმუნებულია, რომ BMW ანალოგიური სისტემის ვერსიებს, თავის სხვა ავტომობილებზეც ინტენსიურად დანერგავს. გამოცემას მოჰყავს კომპანიის ერთ-ერთი (ინკოგნიტო) მაღალჩინოსნის სიტყვები: „ჩვენ ქვე-ბრენდ i-სგან ბევრი რამ ვისწავლეთ“. ამ სიტყვების ავტორის შესახებ ცნობილია ის, რომ i-ს და M-ის პროექტებში მონაწილეობდა.

იმავე წყაროს ინფორმაციით, მართალია, ეს ორი ქვე-ბრენდი თავიდან ჩაფიქრებული იყო, როგორც ერთმანეთის საპირისპირო მიმართულების (ტექნოლოგიური) მქონე, მაგრამ ახლა უკვე, ბავარიულ კომპანიას სურს, რომ ისინი დააახლოვოს. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს დაახლოება, ორივეს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. რაც მთავარია, i-ს ტექნოლოგიების დახმარებით, M-ის ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის შემცირება გახდება შესაძლებელი.

M3-May-Be-Plug-In-Hybrid

BMW-ს სხვა აღმასრულებელი, რომლის ვინაობა ასევე დაფარულია, ამბობს, რომ ახალი M3-ისთვის მუშავდება კინეტიკური ენერგიის აღდგენის სისტემა, რომლის წყალობითაც, აგრეგატის მაბრუნი მომენტი 100 ნიუტონმეტრით გაიზრდება. ამასთან, ავტომობილი ისევ უკანა ამძრავიანად დარჩება. მისი კონსტრუქცია მოქნილი იქნება და მყიდველს ოპციის სახით, სრულ ამძრავიან ვერსიასაც შესთავაზებენ. ოღონდ, ამ შემთხვევაში, წინა ბორბლებს ერთი ან ორი ელექტრო ძრავი დაატრიალებს.