ფორმულა ერთის პილოტები მართლა მსოფლიოში საუკეთესოები არიან, თუ მათ ბევრი არაფრით ჩამორჩებიან სხვა სერიების პილოტები. მაგალითად, რალის მსოფლიო ჩემპიონატიდან, გამძლეობაზე რბოლებიდან, ან ტურინგის და GT კლასის სხვა სერიებიდან. როგორც უნდა იყოს, ფ1 ავტოსპორტის მწვერვალია და ყველა, ვისაც კარიერა წინ აქვს, მისკენ მიილტვის.

კითხვაზე პასუხის გაცემა 1979 წელს BMW Motorsport-მა სცადა, რომელმაც M დივიზიონის აღმასრულებელს იოხენ ნეესპაშს მონო სერიის ჩამოყალიბება დაავალა. ამ სერიაში მონაწილეობა, უმაღლესი დონის ჩემპიონატების საუკეთესო მრბოლებს უნდა მიეღოთ. რა თქმა უნდა, მათ შორის, ფ1-ის პილოტებიც უნდა ყოფილიყვნენ. სარბოლო ავტომობილი კი BMW M1 უნდა ყოფილიყო. ავტომობილს მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია ჩაუტარდა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სერიის ყველა მონაწილეს, იდენტური ავტომობილით ასპარეზობა მოუწევდა.

სერიას BMW M1 Procar Championship დაერქვა, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ორი სეზონი ჩატარდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ბავარიულმა კომპანიამ გადაწყვიტა, ფ1-ის თანმდევი სერია გაეუქმებინა და სარბოლო ავტომობილი სხვა სერიებში მონაწილეობისთვის გამოეყენებინა. იმ ორ სეზონში, სერიის გამარჯვებულები, ფ1-ის პილოტები გახდნენ. 1979 წელს ჩემპიონი ნიკი ლაუდა გახდა, მომდევნო სეზონში კი გამარჯვება ნელსონ პიკემ მოიპოვა.

მალე BMW M1 ისტორიას ჩაბარდა. მას შემდეგ, ამ სახელით ავტომობილის შესაძლო გამოშვებაზე ინფორმაცია არაერთხელ გაჟღერდა, მაგრამ ბავარიელები სუპერ ავტომობილების სეგმენტს სათოფეზე არ ეკარებიან.  ამ კლასთან ყველაზე ახლოს ჰიბრიდული i8 მივიდა, მაგრამ ის მაინც არაა სუპერ ავტომობილი. ამის მიუხედავად, განახლებული სარბოლო მონო სერიის (Procar Championship) ბედაურად მაინც გამოდგებოდა. ოღონდ, მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის შემთხვევაში.

ალბათ სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში ბრიტანელ დიზაინერ ხიზილ სალემს, რომელმაც ფოტოშოპის დახმარებით, i8-ს სარბოლო ვერსიის ესკიზი შექმნა და ავტომობილი Procar M1-ის ფერებში გამოაწყო…