BMW-ს სპორტული ავტომობილების მწარმოებელ დივიზიონ M-ის მომავალი მოდელები ალბათ ჰიბრიდული ძალური დანადგარებით აღიჭურვება და მათ სიჩქარეც გაეზრდება. დივიზიონ M-ის საინჟინრო განყოფილების ვიცე პრეზიდენტი დირკ ჰაკერი ამბობს, რომ M3-ის, M4-ის და M5-ის ჰიბრიდული ვერსიების გამოშვება გარდაუვალია. ამასთან, მეტ სიმძლავრესა და საწვავის ეკონომიას შორის ბალანსირების ნაცვლად, დივიზიონ M-ში აქცენტს მხოლოდ მაქსიმალური სიმძლავრის მიღებაზე გააკეთებენ.

BMW M Cars Will Turn to Hybrid Technology 1

ჰაკერი ამბობს, რომ M-ის ავტომობილების მომხმარებლებს არ აინტერესებთ ნულოვანი გამონაბოლქვი და ელექტრომობილებისთვის დამახასიათებელი სვლის მცირე სიშორე. ჰიბრიდული ტექნოლიოგიებისადმი მათი ინტერესი ერთადერთია – მათი დახმარებით, ავტომობილის სისწრაფის გაზრდა. მართალია, ჰიბრიდულ სისტემებს, მომხმარებელთა სურვილისგან დამოუკიდებლად, საწვავის ხარჯის შემცირება შეუძლია, მაგრამ ბავარიული კომპანია აქცენტს სიმძლავრის გაზრდაზე გააკეთებს.

ამასთან, დივიზიონ M-ში არ აპირებენ ელექტრომობილების წარმოებას. ჯერჯერობით მაინც. ჰაკერის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ელემენტების ბლოკი ასეთ ავტომობილებს მეტისმეტად ამძიმებს, რაც მათს დინამიურობას აზარალებს. მაგრამ როგორც კი ელემენტების ტექნოლოგები დაიხვეწება და ისინი უფრო კომპაქტური და მსუბუქი გახდება, მაშინ M-ის ბრენდით ელექტრომობილების წარმოებაც შესაძლებელი გახდება.

სამაგიეროდ, ელექტრომობილების სფეროში ინტენსიურად მუშაობს BMW-ს მეორე დივიზიონი – i, რომელიც სუპერ ჰიბრიდ i8-ს აწარმოებს. სავარაუდოდ, მომავალში M-დივიზიონი ჰიბრიდულ და ელექტრულ ტექნოლოგიებს i-დივიზიონისგან გაიზიარებს. ოღონდ, მისგან განსხვავებით, აქცენტს ისევ და ისევ, სიმძლავრეზე გააკეთებს.