ოთხი წელი გავიდა, რაც BMW-მ პირველად გვიჩვენა i8-ს ღია ვერსია, სახელად i8 Spyder-ი. მას შემდეგ, ბაზარი ამ ავტომობილის გამოსვლის მოლოდინშია და აი, გერმანულმა კომპანიამ, მისი წარმოება გადაწყვიტა. ბავარიელთა მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ i8 Roadster-ის გარდა, ჰიბრიდული და ელექტრული მოდელების მწარმოებელი ქვებრენდი i ასევე გეგმავს ჰეჩბეკ i3-ის განახლებას, რის შემდეგაც გაიზრდება მისი ელემენტების ბლოკის ტევადობა და შესაბამისად, ავტომობილის სვლის სიშორე.

bmw_i8spyder_f34_ns_31716_1600

ამ ორი ავტომობილის მახასიათებლები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. სამაგიეროდ, BMW-ს რელიზში ლაპარაკია იმაზეც, რომ მალე i-ს მოდელების რაოდენობა შვიდამდე გაიზრდება. მათ შორის იქნება როგორც ელექტროობილები (როგორიცაა i3), ასევე პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილები, რომლებიც ელექტრო ძრავების გარდა, შიდაწვის ძრავებითაც აღიჭურვება. ამათგან მეორის დანიშნულება, მხოლოდ ელექტრო ენერგიის გამომუშავება იქნება. გარდა ამისა, ამ შვიდ ავტომობილს, პლაგ-ინ სისტემით აღჭურვილი Mini-ც დაემატება.

უფრო მეტიც, ჰიბრიდების და ელექტრომობილების პარალელურად, BMW წყალბადის ფიჭური ელემენტების ტექნოლოგიებსაც განავითარებს და მათ დანერგვაზეც იზრუნებს. საინტერესოა, რომ ასეთი სისტემებით აღჭურვილი მისი სატესტო ავტომობილების სვლის სიშორე 700 კილომეტრს აღწევს.

მწვანე ტექნოლოგიების გარდა, ბავარიელები ავტონომიურ ავტომობილებზეც მუშაობენ. კონცეპტუალური პროექტი, სახელად Project i 2.0, ამ მიმართულებით მათი პირველი დიდი ნაბიჯია და ისინი იმედოვნებენ, რომ მისი დახმარებით, ავტონამიური ავტომობილების მოწინავე მწარმოებლის სახელს დაიმკვიდრებენ. სხვათა შორის, ამ მიმართულებით BMW უკვე ინტენსიურად მუშაობს და ავტონომიური ავტომობილისთვის საჭირო არაერთი ტექნოლოგია, ახალ მე-7 სერიაზე დანერგა.

2016_bmw_i8_f34_ns_31716_1600