BMW-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჰარალდ კრუგერმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ფრანკფურტის მოტორ შოუზე, “ძალიან შთამბეჭდავ სიურპრიზს” წარადგენს. მას არ დაუზუსტებია, თუ რას გულისხმობდა, თუმცა მიანიშნა, რომ ლაპარაკია ელექტრული დანადგარით აღჭურვილ ავტომობილზე, რომელსაც სიმბოლურად iNext უწოდა.

ეს ნიშნავს, რომ ავტომობილი ან ელექტრომობილი უნდა იყოს, ან პლაგ-ინ ჰიბრიდი და როგორც პირველ ორ i-მობილს, მასაც დინგოლფინგის (გერმანია) ქარხანა გამოუშვებს. ადრე იყო ლაპარაკი, რომ i-ქვებრენდით მესამე ავტომობილის სახელი i5 იქნებოდა. თუმცა ეს ინფორმაციაც მხოლოდ ვარაუდებს ეყრდნობოდა.

არაა გამორიცხული, რომ ფრანკფურტისთვის მომზადებული სიურპრიზი, Tesla Model 3-ზე პასუხი იყოს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბავარიელები ფრანკფურტისთვის მე-3 სერიის ელექტრული ძალური დანადგარით აღჭურვილ ვერსიას ამზადებენ. იმავე ინფორმაციის წყარო გვატყობინებდა, რომ ახალი ელექტრომობილის სვლის სიშორე 400 კილომეტრამდე უნდა იყოს, ანუ Model 3-ის შესაბამის მაჩვენებელზე მეტი.

რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული, რომ კრუგერი სულ სხვა ავტომობილზე ლაპარაკობდა, როგორიც შეიძლება იყოს სპორტული მახასიათებლების მქონე i3 S, ან სულაც კონცეპტუალური X7, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ელექტრომობილი იქნება.