ბავარიულმა კომპანიამ კონცეპტუალური BMW i8 Roadster-ი (ფოტოებზე) პირველად ჯერ კიდევ ოთხი წლის წინათ, პეკინის მოტორ შოუზე გვიჩვენა და მაშინვე გამოაცხადა, რომ მის სერიულად წარმოებას გეგმავდა. თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო, წარმოების დაწყება რამდენჯერმე გადაიდო. ახლახანს კი მისმა შეფმა გამოაცხადა, რომ i8-ს ღია ვერსია ბაზარზე 2018 წელს გამოვა.

BMW-ს მთავარმა აღმასრულებელმა ჰარალდ კრუგერმა ეს ინფორმაცია სანტა მონიკაში (აშშ, კალიფორნია) გამართულ პრეს კონფერენციაზე გაასაჯაროვა. ოღონდ, მას არ დაუკონკრეტებია ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები. თუმცა ადრე გავრცელებული ინფორმაციით, i8 Roadster-ი დახურულ i8-სთან შედარებით, დიდი ზომის ელემენტების ბლოკით და უფრო მძლავრი ელექტრო ძრავით აღიჭურვება.

bmw-i8-spyder-11

იმავდროულად, განახლდება დახურულ სახურავიანი i8, რომელიც იმავე ძრავს და ბლოკს მიიღებს. ჯერჯერობით უცნობია, გარეგნულად შეიცვლება თუ არა ავტომობილი, რომელიც დახვეწილი აეროდინამიკით გამოირჩევა. ღია ვერსიას სავარაუდოდ, შასის გაუძლიერებენ, რადგან სახურავის არქონის გამო, მას სიხისტე დააკლდება.

თავის პრეს კონფერენციაზე, კრუგერმა განაცხადა, რომ განახლების შემდეგ, ჰეჩბეკი i3 ბაზარმა კარგად მიიღო და შედეგად, მისი გაყიდვები გაიზარდა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პატარა ჰეჩბეკის სვლის სიშორე 190-დან 300 კილომეტრამდე გაიზარდა.

bmw-i8-spyder-5