BMW განახლებისთვის ამზადებს თავის პოპულარულ სუბკომპაქტურ ელექტრომობილ i3-ს, რომელიც უკვე გადის საგზაო ტესტებს გერმანიის გზებზე. გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის ბაზარზე მომავალ წელს გამოვა. მყიდველს i3-ის ტემპერამენტიან ვერსიასაც შესთავაზებენ, რომელსაც უფრო დაბალი კლირენსი ექნება.

იმავე ვარაუდით, სპორტული ვერსია (S-სუფიქსით) ვერსია ადგილიდან ასამდე აჩქარებას 6 წამზე ნაკლებში შეძლებს. ცნობისათვის, სტანდარტულ i3-ს იგივე აჩქარება 7.3 წამში შეუძლია. i3S-ი უფრო აგრესიული იერით იქნება გამორჩეული და თავისი მხურვალე ტემპერამენტის გამო, უფრო ეფექტური გაგრილების სისტემა მოემსახურება.

როგორც ცნობილია, i3-ის მზიდი სტრუქტურა, ნახშირბადოვანი ბოჭკოთი არმირებული პოლიმერისგან არის დამზადებული, რისი წყალობითაც არის ძალიან მტკიცე და გრეხვითი დატვირთვებისადმი მედეგი. სწორედ ეს თვისებები აძლევს ინჟინრებს იმის საშუალებას, რომ მათ ავტომობილის ტემპერამენტიანი ვერსია მოამზადონ.

ტემპერამენტთან ერთად, ავტომობილს გაეზრდება ენერგო მოხმარება, რის გამოც, ის ელემენტების უფრო ტევადი ბლოკით აღიჭურვება. ის S-ვერსიის სვლის არსებული სიშორის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, სტანდარტული ვერსია კი ერთი დამუხტვით უფრო შორეულ მოგზაურობას შეძლებს. კერძოდ, მისი სვლის სიშორე 400 კილომეტრს მიაღწევს. ბავარიულმა კომპანიამ i3-ის ელემენტების ბლოკი ახლახანს ახლით შეცვალა, რის შემდეგაც ავტომობილის სვლის სიშორემ 300 კილომეტრს მიაღწია.