საავტომობილო კომპანიები, სანამ ბაზარზე შემდეგი თაობის ავტომობილებს გამოუშვებენ, მათ წარმოების ციკლის შუაში, განახლებას უტარებენ, რათა კონკურენტუნარიანობა უზრუნველყონ. განახლება გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ბაზარზე სრულიად ახალი ან შემდეგი თაობის ავტომობილის გამოშვება და ამგვარად, მოდელის მიერ კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა.

რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც ხდება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოდელი მეტისმეტად წარუმატებელია. ისეც ხშირად ხდება, რომ შუა ციკლის განახლებებს შორისაც, ავტომობილს მცირე კოსმეტიკური მოდიფიკაცია უტარდება. მაგრამ როგორც ჩანს, ეს პრინციპი ნაკლებად იმოქმედებს იმ ავტომობილების შემთხვევაში, რომლებიც ახლა იმკვიდრებენ თავს ბაზარზე. ესენი ელექტრომობილები და პლაგ-ინ ჰიბრიდებია. მათ ხშირი განახლება დასჭირდება, რადგან ენერგიის შენახვის ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება, რაც ავტომობილის იმ მახასიათებლების დახვეწის საშუალებას იძლევა, რომელიც თავის მხრივ, მის კონკურენტუნარიანობას გააუმჯობესებს.

ადრეული განახლება გარდაუვალი იქნება „ბეემვეს“ ქვე-ბრენდ i-ს ორი ავტომობილის, i3-ის და i5-ის შემთხვევაში. ორივე ავტომობილი ელექტრულ ენერგიაზე მუშაობს, სრულიად განსხვავებული პლატფორმები აქვს და სულ სხვა ფილოსოფიას ემყარება. მათი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ელემენტების ბლოკია, რომელზეც ავტომობილის სვლის სიშორეა დამოკიდებული. და თუ ეს მაჩვენებელი კარგი ექნება, ელექტრომობილი ადვილად მოიპოვებს პოპულარობას. თუმცა, ამ ეტაპზე ისეთი ტევადობისთვის ვერავის მიუღწევია, რომლიტაც ელექტრომობილი, შიდაწვის ძრავიან ავტომობილს შეედრება.

სწორედ ელემენტების ბლოკია ის მთავარი ნაწილი, რომლის მახასიათებლების გაუმჯობესების მიზნითაც, i3-ს პირველი განახლება ჩაუტარდება. გამოცემა „ავტოივოლუშნის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბავარიელები მყიდველს თავიანთ ელექტრულ ჰეჩბეკს განახლებული სახით მომავალ წელს შესთავაზებენ. ინფორმაციის წყაროს არ დაუზუსტებია, თუ რა გაუმჯობესდება ახალ ავტომობილზე, თუმცა დდ ალბათობით, პირველ რიგში, სიახლე სწორედ ელემენტების ბლოკს შეეხება, რომელიც ტევადობის გაზრდის პარალელურად, გაბარიტებში და წონაში შემცირდება.