BMW-მ დაკარგა ინჟინერთა იმ ჯგუფის ძირითადი ნაწილი, რომელმაც i3 და i8 ავტომობილების შემუშავებაში მიიღეს მონაწილეობა. ისინი ჩინურმა კომპანიამ გადაიბირა, რომელსაც Future Mobility ეწოდება და რომელიც ელექტრომობილების წარმოებას აპირებს.

ჩინეთში ამჟამად ბევრი კომპანია ცდილობს ელექტრომობილების ბაზარზე შეღწევას. მათი მიზანი, არამხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაა, არამედ საუკეთესო მახასიათებლების და დაბალი ფასების მიღწევაც, რაც მათს პროდუქციას სწრაფად მოაპოვებინებს პოპულარობას. მათ მხარს არამხოლოდ ადგილობრივი საინვესტიციო კომპანიები უწევენ, არამედ მულტიეროვნული ჯგუფებიც, რომელთა მიზანსაც, ჩინურ ბაზარზე დამკვიდრება წარმოადგენს.

BMW-i8-Pro2

ბლუმბერგის ინფორმაციით, BMW-დან Future Mobility-ში დირკ აბენდორფი, ბენუა იაკობი და ჰენრიკ ვენდერსი გადაბარგდნენ. ინფორმაცის წყარო იტყობინება, რომ ახალ ჩინურ კომპანიაში, რომელსაც მხარს ჩინური საინვესტიციო კომპანია Tencent Holdings-ი უჭერს, ბავარიული კომპანიის ყოფილი თანამშრომლები, ვიცე პრეზიდენტების თანამდებობებაზე დაინიშნებიან და შესაბამისად, პროგრამულ უზრუნველყოფას და კავშირს, დიზაინს და მარკეტინგს გაუძღვებიან. ამ სამეულის გარდა, ჩინურ კომპანიაში უკვე გადასულია i8-ს პროექტის ყოფილი მენეჯერი კარსტენ ბრაიტფელდი, ვინც Future Mobility-ს მთავარ აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

ყოველივეს მიუხედავად, ჩინურ კომპანიას ნულიდან უწევს საქმის დაწყება და მას ძალიან გაუჭირდება ბავარიელთა სრულფასოვანი კონკურენტის გამოშვება. მათი უპირველესი მიზანი, როგორც ბევრი სხვა ჩინური დამწყები კომპანიისა, ჯერ ჩინურ ბაზარზე დამკვიდრებაა.