BMW-მ თავისი ახალი კონცეპტუალური მოდელის, X7 iPerformance-ს ფოტოები მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ისინი ინტერნეტით არაოფიციალურად გავრცელდა. ავტომობილი წინასერიული კონცეპტია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის უცვლელი სახით დადგება კონვეიერზე, რის შემდეგაც,  ბავარიული კომპანიის გამაში ის ფლაგმანი SUV-ის პოზიციას დაიკავებს.

ავტომობილი ექვს მგზავრზეა გათვლილი, თუმცა სერიული ვერსიის სალონში შვიდ ადგილი იქნება. კონცეპტის ინტერიერი ბრენდის ახალი სტილის პირველი ნიმუშია, რომელსაც შემდგომში სხვა მოდელებზეც სხვადასხვა ვარიაციებით ვიხილავთ. ის მდიდრულობით, მარტივი ფორმებით, უმაღლესი ხარისხის მასალებით გამოირჩევა და უახლესი ტექნოლოგიებით არის ეკიპირებული.

გარეგნულადაც, X7 iPerformance გერმანული კომპანიის უგზოობის მოდელების ახალ სტილს წარმოგვიდგენს. განახლება რადიატორის ცხაურსაც შეეხო, რომლის წყვილი “თირკმელიც” გაბარიტებშიც გაიზარდა და ფორმითაც განსხვავებულია. მის ორივე მხარეს, ზედა ნაწილში კი ორი წვრილი ფარი განლაგდა.

კონცერპტუალური ავტომობილი ზორბა გაბარიტებითაც გამოირჩევა. მისი სიგრძე 5 020 მილიმეტრია, სიმაღლე 1 800 მილიმეტრი და სიგანე 2 020 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 3 010 მილიმეტრია. ანუ ის X5-ზე გრძელი, განიერი და მაღალია. და ბაზაც უფრო გრძელი აქვს.

X7 iPerformance აღჭურვილია პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით, რომლის შესახებაც BMW ჯერჯერობით მხოლოდ იმას ამბობს, რომ სისტემაში სერია ტუინპაუერის ბენზინის ძრავია გაერთიანებული. ამასთან, ბავარიელები ყოველგვარი დაკონკრეტების გარეშე გვპირდებიან, რომ ავტომობილს მხოლოდ ელექტრო ენერგიით დიდი მანძილის გავლა შეუძლია. გავრცელებული ინფორმაციით, ჰიბრიდულ სისტემაში გაერთიანებული შიდაწვის ძრავი, 2.0-ლიტრიანი ტურბოა, რომელსაც ბავარიელები 740e xDrive iPerformance-ზე უკვე იყენებენ.