არაოფიციალური ინფორმაციით, „ბეემვემ“ უარი თქვა პროექტებზე, რომლებიც i8S-ის, M8-ს და მე-9 სერიის კუპეს სახელით იყო ცნობილი. ბავარიული კომპანიას ხელმძღვანელობას ადრეც არაერთხელ განუცხადებია, რომ მისთვის მეტისმეტად ძვირადღირებული სიამოვნება იქნება ასეთი ავტომობილისთვის ცალკე პლატფორმის შემუშავება, არსებული პლატფორმები კი სუპერქარების ჟანრს არ შეეფერება.

მაგრამ გამორიცხული მაინც არაფერია, რადგან ძალიან მალე, კომპანიის ახლანდელი მთავარი აღმასრულებელი, დოქტორი ნორბერტ რაიტჰოფერი თავის თანამდებობას დატოვებს. მას ამ პოსტზე წარმოების შეფი, ჰარალდ კრუგერი შეცვლის, რომელიც სავარაუდოდ, კომპანიის არამხოლოდ მმართველ სტრუქტურას შეცვლის, არამედ მის სტრატეგიასაც. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, კრუგერს და კვლევისა და განვითარების ახალ შეფ კლაუს ფროლიხს არ მოსწონთ სუპერ ავტომობილების წარმოების იდეა. უფრო მეტიც, მათს გეგმებში არც პატარა როდსტერ Z2-ის და მე-2 სერიის გრან ტურიზმოს გამოშვება შედის.

სხვათა შორის, i8S-ის წარმოება ისედაც არაპრაგმატულად გამოიყურებოდა, რადგან i8 ჰიბრიდული სუპერ ავტომობილის კლასის შესაფერისია, მისი ვერსია M-ის წარმოება კი ბავარიელებს არ აწყობთ, რადგან ამ შემთხვევაში, მე-8 სერიის სუპერ ავტომობილის გამოშვების პერსპექტივას თავადვე გადახაზავენ. ეს კი ისტორიაზე უარის თქმის ტოლფასია. თუმცა, არც ამ ავტომობილის წარმოებაა გეგმაში.

როდსტერ Z2-ის წარმოების დაწყებაც არარეალურია მანამ, სანამ ახლანდელი Z4 შეიცვლება. სავარაუდოდ, ამ ამას Z5 ჩაანაცვლებს, რომელიც ამ ეტაპზე მზადების პროცესშია. რაც შეეხება მე-2 სერიის გრან ტურიზმოს, ის ძალიან ახლოს იქნება პირველი სერიის სედანთან, რაც შიდა კონკურენციას გამოიწვევს. ეს კი კომპანიას არ აწყობს. ასეც რომ არ იყოს, ეს ავტომობილი ვერც მასობრივი გახდება და შესაბამისად, არც იმდენ მოგებას მოიტანს, რომ მასზე სოლიდური ინვესტირება ღირდეს…