პოპულარულ ელეგანტურობის კონკურს „ვილა დ’ესტეს“ მთავარი მასპინძელი „ბეემვეა“, რომელიც შოუსთვის ყოველწლიურად საინტერესო კონცეპტუალურ მოდელებს ამზადებს და ამ მხრივ გამონაკლისი არც წლევანდელი კონკურსი იქნება. მისთვის ბავარიულმა კომპანიამ კონცეპტი „3.0 CSL ჰომეჯი“ მოამზადა, რომელიც 1970-იანი წლების პოპულარულ კუპე 3.0 CSL-ს ეძღვნება.

bmw-3-csl-hommage-005-1

კონცეპტის გარეგნობაში ყურადღებას იქცევს აეროდინამიკური ელემენტები, რომლებიც ჰიბრიდული i8-ს სტილშია შესრულებული. საინტერესოდაა გადაწყვეტილი უკანა ზორბა ანტი ფრთა და მისი საყრდენები, რომლების უკანა ნაწილშიც უკანა ფარები გრძელდება და ისინი ანტი ფრთაზეც გადადის. წინიდან ავტომობილს უზარმაზარი რადიატორის ცხაური გამოარჩევს, რომლის ორივე კიდეშიც ლაზერული ფარები განლაგდა.

წინა ბორბლების თაღები ცალკე აეროდინამიკურ ელემენტებითაა მოცული, რომლებიც ჰაერის ნაკადს აგროვებენ და სასურველ მიმართულებას აძლევენ. ჰაერის ამღები რადიატორის ქვეშაც მდებარეობს. სახურავის უკან მცირე სპოილერი განლაგდა. ავტომობილი თავის წინაპარს ყველაზე მეტად გვერდხედით ჰგავს. თუმცა, საერთო ჯამში, ამ ორი ავტომობილის მსგავსება ძალიან შორეულია.

bmw-3-csl-hommage-001-1

აბრევიატურაში ასო L სიმსუბუქის აღმნიშვნელია. ამ მხრივ, ორიგინალური 3.0 CSL და მისი თანამედროვე კონცეპტუალური ინტერპრეტაცია, ერთმანთთან ახლოსაა. თუმცა, თუ პირველის კონსტრუქციაში მეტწილად ალუმინი და პლექსიგლასია გამოყენებული, „3.0 CSL ჰომეჯის“ კონსტრუქციაში კარბონის კომპოზიტი სჭარბობს. ამავე მასალისგან დამზადდა შიდა უსაფრთხოების ჩარჩო, რომლის უკანა ნაწილსაც სტილიზებული V-ს ფორმა აქვს.

სალონშივე მხოლოდ ორი სარბოლო ტიპის სავარძელი განლაგდა. დიზაინერებმა პრაქტიკულად უარი თქვეს მაჩვენებლების ტიპიურ დაფაზე, რომლის მოვალეობასაც ღრმად ჩამჯდარი მომცრო თხევადკრისტალური ეკრანი ასრულებს. საჭემაც მრგვალი ფორმა დაკარგა და თვითმფრინავის შტურვალს მოგაგონებთ.

bmw-3-csl-hommage-009-1

სახელ „ჰომეჯით“ ბავარიელებმა სულ სამი კონცეპტუალური ავტომობილი შეიმუშავეს და სამივე პირველად სწორედ ვილა დ’ესტეს კონკურსზე წარადგინეს. პირველი იყო „M1 ჰომეჯი“, რომლის პრემიერაც 2008 წელს გაიმართა, სამი წლის შემდეგ კი გერმანულმა კომპანიამ „328 ჰომეჯი“ გვიჩვენა.

ახალი კონცეპტი გაცილებით დიდია M6-ზე. მისი სიგრძე 4997 მილიმეტრია, სიგანე 2018 მილიმეტრი, სიმაღლე 1302 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 3190 მილიმეტრია. შედარებისთვის, M6-ის შესაბამისი ზომებია: 4898, 1899 და 1374 მილიმეტრი, ბაზა კი – 2851 მილიმეტრი.

bmw-3-csl-hommage-019-1

„ბეემვეს“ თავისი ახალი კონცეპტის ტექნიკური მონაცემები არ გამოუქვეყნებია. თუმცა ის კი გაამხილა, რომ ავტომობილი ექვსცილინდრიანი ერთრიგა 3.0-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც აჩქარებისას „e-ბუსტი“ – ელექტრო ძრავი ეხმარება.