თავისი არსებობის აღსანიშნავად BMW-მ არაერთი საინტერესო კონცეპტუალური პროექტი შეიმუშავა. მათ შორის იყო Vision Next 100, რომელიც იმავდროულად, გერმანული კომპანიის შესაძლო განვითარებასაც გვიჩვენებს. უფრო მეტიც, ეს არის სრულიად ავტონომიური სპორტული ავტომობილი, რომელსაც ბავარიელებმა მწვანე შუქი აუნთეს. პროექტის შესაბამისად, მისი წარმოება 2021 წელს უნდა დაიწყოს. მას i-ქვებრენდით გამოუშვებენ.

ამ ეტაპზე მომავალ სიახლეს iNext-ად მოიხსენიებენ. ეს იქნება თვითმავალი, ოთხადგილიანი ელექტრომობილი. მისი შემუშავება უკვე დაწყებულია. მისი დებიუტის შემდეგ, ბავარიელები სხვა მსგავს მოდელებსაც გამოუშვებენ. ამ პროექტის განსახორციელებლად, BMW-მ უნტერშლაისჰაიმში (მიუნხენის მახლობლად) ჩამოაყალიბა ახალი კამპუსი, რომელიც კვლევისა და განვითარების მიმართულებით მუშაობს.

კვლევისა და განვითარების ცენტრი ჯერ სრულად არ დაკომპლექტებულა. ის 2 000 თანამშრომელზეა გათვლილი. მისი მიზანი პირველ რიგში, ავტონომიური ტექნოლოგიების და შესაბამისი კომპიუტერული უზრუნველყოფის შემუშავება იქნება. გარდა ამისა, ცენტრის თანამშრომლებივე უზრუნველყოფენ პროტოტიპების საგზაო პირობებში ტესტირებას.

მართალია, ბაზარზე iNext-ი 2021 წელს გამოვა, მაგრამ თვითმავალი BMW-ების წინასერიული ვერსიების საგზაო ტესტები მომავალ წელს დაიწყება. ეს ავტომობილი გარეგნულად კონცეპტუალურ Vision Next 100-ს სტილში შესრულდება. ავტონომიური მართვის გარდა, მას მექანიკური მართვის სისტემაც ექნება, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ ბავარიული კომპანია თავის ფანებს, ვისაც ბიმერების მართვა სიამოვნებას ანიჭებს, არ გაანაწყენებს.