სატაქსო მომსახურების ამერიკულმა კომპანია Uber-მა გამოაცხადა, რომ მფრინავი ტაქსით მომსახურებას 2020 წელს დაიწყებს. შერჩეულია ის ორი ქალაქიც, სადაც პირველი მფრინავი ტაქსები იმუშავებს. ეს პატივი დალასს (აშშ, ტექსასი) და დუბაის (არაბეთის გაერთიანებული საემიროები) ერგო.

დალასის ფორტ უორტის უბანში ეგრეთ წოდებული „ვერტიპორტები“ აშენდება, რისთვისაც „იუბერს“ უკვე დაწყებული აქვს მზადება. ეს პორტები საჰაერო ტაქსის სადგურები იქნება, სადაც მგზავრები ტრანსპორტის დაქირავებას შეძლებენ. მსგავსი პორტები დუბაიშიც ამოქმედდება.

მფრინავი მანქანების შესამუშავებლად, Uber-ს ხუთ კომპანიასთან აქვს მოლაპარაკება. მისი მთავარი მოთხოვნა, ისეთი საფრენი საშუალების შემუშავებაა, რომელსაც ვერტიკალურად აფრენის და დაჯდომის უნარი ექნება. ამასთან, აპარატი უნდა იყოს მსუბუქი და აღჭურვილი უნდა იყოს ელექტრული ძალური დანადგარით.

იმ ხუთ მწარმოებელს შორის, რომლებმაც შესაძლოა, საფრები ტაქსი აწარმოონ, არიან ამერიკული აეროკოსმოსური კომპანია Bell Helicopters-ი (ცნობილია სამხედრო ვერტმფრენების წარმოებით) და ბრაზილიური აეროკოსმოსური კომპანია Embraer-ი (აწარმოებს როგორც სამხედრო, ასევე კომერციულ და ბიზნეს კლასის თვითმფრინავებს).

საჰაერო ტაქსით სარგებლობა არ იქნება ძალიან ძვირი. Uber-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჯეფ ჰოლდენი როიტერსთან საუბრისას ამბობს, რომ ერთი მგზავრის ერთ მილზე (1.61 კმ) გადაყვანის ტარიფი 1.32 დოლარი ეღირება. ეს UberX-ის სატაქსო მომსახურებაზე ოდნავ ძვირია, თუმცა ის თვლის, რომ დროთა განმავლობაში, ფასი უფრო დაიკლებს.

თუ ყველაფერი გეგმის შესაბამისად წარიმართა, Uber-ი პირველი საჰაერო ტაქსის დემონსტრირებას, დუბაის 2020 წლის ექსპოზე გეგმავს.