ბენტლიმ შარშან 10 120 ავტომობილი გაჰყიდა და გამოაცხადა, რომ 2018 წლისთვის გაყიდვების მოცულობას 15 000 ავტომობილამდე გაზრდიდა. მაგრამ გავიდა ერთი წელი და ბრიტანულმა კომპანიამ, რომელიც „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის წევრია, ახალი გეგმა გამოაქვეყნა. მის მიხედვით, 2020 წელს გაყიდვები 20 000 ავტომობილამდე უნდა გაიზარდოს.

ამის შესახებ, გერმანულ გამოცემა „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგთან“ საუბრისას, ბენტლის მთავარმა აღმასრულებელმა, ვოლფგანგ დურჰაიმერმა (ფოტოზე უგზოობის კონცეპტუალურ EXP-9F-თან) განაცხადა. ამ გეგმის შესრულებაში კომპანიას, მის ისტორიაში უგზოობის პირველი ავტომობილი უნდა დაეხმაროს, რომელიც ბაზარზე 2016 წელს გამოვა.

ბენტლის ბევრი ფანი თვლის, რომ ასეთი ავტომობილი ბრიტანული კომპანიისთვის შესაფერისი არაა, თუმცა ბაზრის ტენდენცია საპირისპიროს მეტყველებს. უგზბის ავტომობილებსა და ქროსოვერებზე, მათ შორის ლუქს კლასისა, მოთხოვნა სწრაფი ტემპით იზრდება. განსაკუთრებით თვალში საცემი ეს ჩინეთშია, სადაც დიდ და ძვირ ავტომობილებზე მოთხოვნა მაღალია.