საუდის არაბეთის პრინცმა ალვალიდ ბინ ტალალმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ საუდიის სამეფო საჰაერო ძალების იმ 100 პილოტს, რომლებმაც იემენში განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებში მიიღეს მონაწილეობა, „ბენტლის“ ავტომობილებს აჩუქებს.

მართალია, პრინცის გვერდიდან ეს პოსტი მალევე გაქრა, მაგრამ არაერთმა გამოცემამ, მისი ფოტო-ასლის ჩაწერა და გამოქვეყნება მოასწრო. „მე მინდა, ჩვენს ბრძენ ლიდერებს „ოპერაცია გადამწყვეტი ქარიშხალის“ წარმატებით განხორციელება და „ოპერაცია იმედის ჩასახვის“ დაწყება მივულოცო. ოპერაციაში მონაწილე ასი საუდელი პილოტისთვის მე სიამოვნებით შევიძენ „ბენტლის“ 100 ავტომობილს“, – წერდა პრინცი.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ წაიშალა ტვიტერის პოსტი. საუდის არაბეთის ზოგმა მიმომხილველმა ივარაუდა, რომ პრინცის ტვიტერის გვერდი შესაძლოა ჰაკერებმა გატეხეს. თუმცა ეს არ დადასტურებულა. ალვალიდ ბინ ტალალის ოფისს კი არცერთ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, „ოპერაცია გადამწყვეტი ქარიშხლის“ შედგად, იემენში 944 ადამიანი დაიღუპა და 3487 დაშავდა. დაბომბვებმა იემენში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. ამიტომ, მსოფლიო მედიამ მკაცრად გააკრიტიკა პრინცის ტვიტერზე მსგავსი განცხადების გამოქვეყნების ფაქტი. როგორც ჩანს, მისი წაშლის მიზეზიც სწორედ ეს იყო…