Bentley-მ ფრანკფურტის მოტორ შოუზე სრულიად ახალი Continental GT წარადგინა. ბრიტანული კომპანიის ყველაზე გაყიდვადი მოდელი გარეგნულად უფრო დაიხვეწა და კიდევ უფრო ელეგანტური გახდა, თუმცა პროპორციები და სტილი შეინარჩუნა. მისი ფორმები უფრო მომრგვალებული გახდა, რითაც მყიდველთა ფართო სპექტრრს მიიზიდავს.

ავტომობილი აღჭურვილია 6.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი W12 აგრეგატით, რომელიც 635 ცხენის ძალას და 900 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან წყვილში 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.6 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 333 კმ/სთ-ს აღწევს.

ავტომობილი ასევე აღჭურვილია 48-ვოლტიანი ელექტრული სისტემით, რომელიც სისტემა „დაინემიკ რაიდის“ გამოყენების საშუალებას იძლევა. ის წინა და უკანა სტაბილიზატორებს და მოდიფიცირებულ პნევმატურ საკიდარს აკონტროლებს. საკიდარის ახალი დრეკადი ელემენტები 60 პროცენტით მეტ აირს იტევს მაშინაც კი, როცა ყველაზე რბილად არის მომართული.

რაც შეეხება ინტერიერს, ის მდიდრულად არის გაწყობილი, რისთვისაც არც მეტი, არც ნაკლები, 10 კვადრატული მეტრის ფართობის ხის მასალები გამოიყენეს. როგორც ბენტლი აცხადებს, ხის ყველა დეტალის თავის ადგილზე ხელით დაყენებას, სულ ცხრა საათი სჭირდება. ინფოტაინმენტ სისტემას 12.3-დუიმიანი სენსორული ეკრანი ემსახურება, რომელიც მბრუნავ მექანიზმზეა დამაგრებული და სამ პოზიციაში ფიქსირდება.