ეს დღეც დადგა. ფრანკფურტის მოტორ შოუზე დაგეგმილ პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, Bentley-მ თავის ისტორიაში პირველი უგზოობის ავტომობილი, სახელად Bentayga, ინტერნეტით გაგვაცნო. ბრიტანული კომპანია ირწმუნება, რომ „ბენტაიგა“ მსოფლიოში უსწრაფესი უგზოობის ავტომობილია. ამაში კი მას ორი ტურბო კომპრესორით აღჭურვილი 6.0-ლიტრიანი W12 ძრავი ეხმარება.

ძრავის სიმძლავრე 608 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი – 900 ნიუტონმეტრი. ტურბინების გარდა, ძრავს საწვავის უშუალო და განწილებული შეფრქვევის სისტემები ემსახურება. ძრავთან წყვილში, ZF-ის წარმოების 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ამ ტანდმის დახმარებით, „ბენტაიგას“ ადგილიდან ასამდე გასაქანებლად 4.1 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 301 კილომეტრია.

Bentayga-1

Bentley Bentayga ზორბა გაბარიტებით გამოირჩევა. მისი სიგრძე 5141 მილიმეტრია, სიგანე 1998 მილიმეტრი, სიმაღლე კი – 1742 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2992 მილიმეტრია. ამგვარად, ის ბოლო თაობის Audi Q7’ზე 89 მილიმეტრით გრძელი, 30 მილიმეტრით განრი და მხოლოდ ერთი მილიმეტრით მაღალია. სამაგიეროდ, ოთხი რგოლის ავტომობილის ბაზა ორი მილიმეტრით გრძელია.

„ბენტაიგას“ შასის მუშაობის ოთხი რეჟიმი აქვს. მათგან ოთხი საგზაოა, ოთხიც – უგზოობის. პირველ ოთხეულში შედის რეჟიმები სპორტი, კომფორტი და ბენტლი, რომელიც პირველი ორი რეჟიმის სამუშაო რეჟიმებს აერთიანებს. სამივე რეჟიმი სტანდარტულია, მეოთხე კი პროგრამირებადი ვარიანტია და მას სახელს მყიდველი შეურჩევს. რაც შეეხება უგზოობის რეჟიმებს, ესენ: სნოუ ენდ გრას (სრიალა ზედაპირებისთვის), დირტ ენდ გრეველ (ფხვიერი ზედაპირებისთვის), მად ენდ ტრაილი (ტალახიან გზებისთვის) და სენდ დიუნს (ქვიშიანი გზებისთვის).

Bentayga-2

„ბენტაიგა“ აღჭურვილია პნევმატური საკიდარით, რომელიც გზის საფარისგან დაშორებასაც არეგულირებს და ოთხი განსაზღვრული რეჟიმი აქვს, განივი მდგრადობის აქტიური სტაბილზატორებით, პანორამული სახურავით, ღამით ხედვის სისტემით, პროექციული ეკრანით, ინტერტაინმენტ სისტემით, რომელშიც 8.0-დუიმიანი სენსორული ეკრანი შედის და შუქდიოდური ფარებით.

Bentayga-3

სალონში ყურადღება კომფორტსა და მოსახერხებლობაზეა გაკეთებული. მყიდველის სურვილის შესაბამისად, იქ ოთხი ან ხუთი სავარძელი განლაგდება. ამასთან, წინა სავარძლებს რეგულირების 22 ვარიანტი აქვს. ისინი ასევე აღჭურვილია გამათბობლით, ვენტილაციით, მასაჟის სისტემით, რომელსაც ექვსი რეჟიმი აქვს. როცა სალონში მხოლოდ ოთხი სავარძელია, მაშინ უკანებსაც ექნება ვენტილაციის და მასაჟის სისტემები. ამასთან, უკანა ორი მგზავრის განკარგულებაში, თითო პლანშეტური კომპიუტერია.

რაც შეეხება სახელს, „ბენტლიმ“ ის გრან კანარიის კუნძულზე არსებული კლდოვანი მასივისგან აიღო. „ბენტაიგას“ გაყიდვები მომავალ წელს დაიწყება.