ცნობილია, რომ სახელმწიფოების მმართველები იშვიათად არიან ავტომობილების მცოდნეები და ფანები, მაგრამ გამონაკლისებიც არიან. მაგალითად, ბელარუსის პრეზიდენტი , ვინც კარგად ერკვევა თანამედროვე ავტოინდუსტრიის ტენდენციებში და თურმე, ელექტრომობილების ფანიცაა.

ახლახანს „ბელარუსის ახალ ამბებში“ დაიბეჭდა სტატია, რომელშიც პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო Tesla Model S-ს საკმაოდ საფუძვლიანად მიმოიხილავს, რა დროსაც, მას სხვა ელექტრომობილებს ადარებს. ის არ მალავს, რომ ამერიკული კომპანიის ელექტრომობილი ძალიან მოსწონს.

ლუკაშენკომ Model S-ს პრივატული ტესტი ჩაუტარა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ Tesla-მ „შესანიშნავი ავტომობილი შექმნა“, რომელიც ისე სწრაფად აჩქარებას ახერხებს, რომ გერმანული შიდაწვისძრავიანი ავტომობილები, რომელთა ტესტირების საშუალებაც ასევე ჰქონდა, „ახლოსაც ვერ მივლენ“. გარდა ამისა, პრეზიდენტი კმაყოფილი დარჩა გზის საფართან Model S-ის კარგი ჩაჭიდებით. მისი თქმით, ეს ელექტრომობილი ადგილიდან რაკეტასავით სწრაფად იძვრება.

ლუკაშენკო დასძენს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ის ელექტრომობილს მართავს და იმასაც აღიარებს, რომ დიდი ხანია, ავტომობილებით არის გატაცებული. მისი თქმით, Mitsubishi i-MiEV გაცილებით უარესია, ვიდრე Model S-ი. ამასთან აქებს BMW i-ს, რომელმაც კარგი, მანევრული და სწრაფი მანქანები შეიმუშავა.

ლუკაშენკოს ტესტ დრაივი იყო უფრო დიდი ღონისძიების ნაწილი, რომლის დროსაც პრეზიდენტმა ბელარუს ინჟინრებს მოუწოდა, Tesla-ში მომუშავე კოლეგების ოსტატობის დონეს მიაღწიონ. მან განაცხადა, რომ მალე შიდაწვისძრავიანი ავტომობილების პოპულარობა და გაყიდვები დაიკლებს.